გარდაცვლილი მირზა გოჩუაძის ახლობლები ვარაუდობენ, რომ შემთხვევა უბანში მომხდარ ქურდობას უკავშირდება

გარდაცვლილი მირზა გოჩუაძის ახლობლები ვარაუდობენ, რომ შემთხვევა უბანში მომხდარ ქურდობას უკავშირდება

ქუთაისში დევნის ოპერაციის დროს გარდაცვლილი 22 წლის მირზა გოჩუაძის ახლობლები ვარაუდობენ, რომ შემთხვევა უბანში მომხდარ ქურდობას უკავშირდება. 

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, მას პოლიციელები მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ. მათივე ინფორმაციით, გოჩუაძე ავტომანქანას მართვის მოწმობის გარეშე ატარებდა, პოლიციელმა მას მანქანის გაჩერება სთხოვა, თუმცა არ დაემორჩილა და გასროლაც სავარაუდოდ ამის შემდეგ მოხდა.

"ალბათ ყაჩაღი ეგონათ და ამიტომ ესროლეს. უბანში ყაჩაღობა მოხდა და პოლიციელები ქურდს ეძებდნენ", - ამბობს გოჩუაძის ერთ-ერთი ახლობელი. 

მირზა გოჩუაძის გადარჩენას ექიმები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა, თავის არეში მიყენებული ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა. რკინგზის საავადმყოფოსთან შეკრებილი გოჩუაძის ნათესავები და ახლობლები საავადმყოფოში შეჭრას რამდენჯერმე შეეცადნენ. მათ საავადმყოფოში შუშები ჩაამსხვრიეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც, რომელმაც ცოტა ხანში სიტუაციის დარეგულირება შეძლო.

რაც შეეხება შსს-ს ოფიციალურ ინფორმაციას, უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები ქალაქ ქუთაისში დევნას ახორციელებდნენ ქურდობის ფაქტზე მხილებული მირზა ბ-ს მიმართ. აღნიშნული პირი არ დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას, მათ წინააღმდეგობა გაუწია და საკუთარი ავტომობილით სცადა პოლიციელებს დაჯახებოდა. "ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომელმა მირზა ბ-ს მანქანის მიმართულებით გასროლა მოახდინა, რასაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოჰყვა. მირზა ბ. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს იარაღის გამოყენებით", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. პოლიციელი დაკავებულია.