"რაულ ხაჯიმბას გადაწყვეტილება ადმიანის ფუნდამენტური უფლებების სერიოზული დარღვევაა"

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ენგურზე გადაადგილების შეზღუდვა იგეგმება.

ხაჯიმბამ ოკუპირებულ აფხაზეთში შესასვლელი "6 გამშვები პუნქტის" ნაცვლად ერთის დატოვება გადაწყვიტა.

"ჩვენთვის ხაჯიმბას ეს განცხადება ცნობილია, რომ ისინი ენგურის ოკუპირებული ხაზის ტერიტორიაზე გადასასვლელი "პუნქტების" გადაკეტვას და მხოლოდ ერთ "პუნქტამდე" შეამცირებას აპირებენ. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საოკუპაციო ძალები და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ცდილობს, პრობლემები შეუქმნას ადამიანთა თავისუფალ გადაადგილებას, რაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სერიოზული დარღვევაა", - განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, ქართული დელეგაცია 6 ოქტომბერს ჟენევაში მიემგზავრება, სადაც საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება და აღნიშნულ საკითხს ჟენევაში ქართული მხარე "ძალიან მკაცრად და ძალიან სერიოზულად" დააყენებს.

"ეს დაუშვებელი და მიუღებელია. აუცილებელია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ, მათ შორის ჟენევის თანათავმჯდომარეებმა ქმედითი ზომები მიიღონ, იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლება, რაც თავისუფალი გადაადგილების უფლებაა, უზრუნველყოფილი იყოს" - განაცხადა ზალკალიანმა.