„ეს არაჰუმანური ნაბიჯი, გალის რაიონში ეთნიკური ქართველების წინააღმდეგაა მიმართული“

„ეს არაჰუმანური ნაბიჯი, გალის რაიონში ეთნიკური ქართველების წინააღმდეგაა მიმართული“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში გამტარი პუნქტების გაუქმების თაობაზე ხაჯიმბას გადაწყვეტილება განხილვის საგანი ჟენევის დისკუსიების ფორმატში იქნება.

როგორც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ „პირWელთან“ საუბრისას აღნიშნა, საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების შეზღუდვისთვის ხელისუფლების რესურსი ნაკლებია, თუმცა არსებობს საერთაშორისო ასპარეზი, სადაც ამ საკითხზე საუბარი აუცილებლად იქნება

„ჩვენი დელეგაცია ჟენევაში მიემგზავრება და ჩამოსვლისთანავე, ჩვენ საშუალება გვექნება უფრო დეტალურად მოვისმინოთ მათი შეხედულებები საპარლამენტო კომისიის სხდომაზე. სამწუხაროა, მაგრამ ოკუპაციის სახე სწორედ ესაა. ეს არაჰუმანური ნაბიჯია, რომელიც უპირველეს ყოვლისა, მიმართულია ქართული ნაციონალობის მქონე ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც გალის რაიონში ცხოვრობენ, რომელთა უფლებები ისედაც იზღუდება და ზოგადად საოკუპაციო რეჟიმის პოლიტიკა, საქმიანობა საერთაშორისო ნორმებს სცილდება“, - განუცხადა „პირWელს“ ვოლსკიმ.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ ასევე არ გამორიცხა, რომ რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ადმინისტრაციას შესაძლოა, გარკვეული საშუალება მისცეს, რომ  თავი როგორც სიტუაციის რეალური მმართველი, ისე წარმოაჩინოს და ერთადერთი გამტარი პუნქტი ე.წ. აფხაზურ სასაზღვრო ჯარს გადააბაროს.

დეპუტატი ასევე ჟენევის დისკუსიების ფორმატში ამ საკითხის დაყენების დაგვიანებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი დაყენება აუცილებლად პოზიტიური გადაწყვეტილების მიღებას არ ნიშნავს.

„ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ რაღაც გვიანდება, ან არასწორად კეთდება, მაგრამ მთავარი, რაც არასწორად გაკეთდა და სწორედ ჩვენი ოპონენტები, მათი ლიდერებია ამაში დამნაშავე, სტრატეგიულად არასწორი პოლიტიკის აირჩევაა, მაშინ როდესაც ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა. დღეს ეს კრიტიკა, უნდათ ისე მონათლონ, რომ ეს თითქოს რუსეთის პოლიტიკის მხარდაჭერაა. სინამდვილეში სწორედაც, რომ რუსეთის პოლიტიკას დაუჭირეს მხარი და რუსეთის სტრატეგიულ გეგმას დაემთხვა ის მოქმედებები, რაც სააკაშვილის ხელისუფლებას ჰქონდა“, - განაცხადა ვოლსკიმ.