ევროსაბჭოს რეზოლუციაში ძალიან ბევრი პოზიტიური ელემენტია, მაგრამ ნეგატიური ყოველთვის უფრო მეტად ჩანს

ევროსაბჭოს რეზოლუციაში ძალიან ბევრი პოზიტიური ელემენტია, მაგრამ ნეგატიური ყოველთვის უფრო მეტად ჩანს

ევროსაბჭოს რეზოლუციაში ძალიან ბევრი პოზიტიური ელემენტია, მაგრამ ნეგატიური ყოველთვის უფრო მეტად ჩანს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"გულისყურით ვუსმენთ ევროსაბჭოს, როგორც ქართული პოლიტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვან ორგანოს. ჩვენ ევროპული და ევროატლანტიკური განვითარების კურსი ავირჩიეთ. ამ კურსში თავისთავად იგულისხმება, რომ ჩვენ ვართ ახლო კონსულტაციებში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, პოლიტიკოსებთან, რომლებიც გვაძლევენ რეკომენდაციებს. მე მადლობელი ვარ ამ რეკომენდაციებისთვის, რადგან მათი გააზრება, არა აუცილებლად ზედმიწევნით შესრულება, მაგრამ განხილვა და გააზრება ჩვენ მიგვიყვანს უფრო მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებამდე", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, რეზოლუციაში ნახსენები იყო საკითხი პრეზიდენტის თაობაზეც და როგორც მარგველაშვილმა განაცხადა, რეკომენდაციების ამ ნაწილში ის არის გახსნილი და მზად არის დაიწყოს კონსულტაციები ამ საკითხის უფრო სიღრმისეულად შესასწავლად.

პრეზიდენტის თქმით, სამწუხაროა, რომ იმ რეკომენდაციებში, რომელიც მიცემულია რუსეთის ფედერაციისთვის, სადაც სპეციფიურად ნახსენებია ყირიმი, "ჩვენ გაგვიხარდებოდა, რომ ასევე ნახსენები ყოფილიყო საქართველო, კერძოდ, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი".

"სამწუხაროდ ეს არ ჩანს. იმედი მაქვს, რომ მომავალში ეს გამოსწორდება. მე ვნახე ბევრად უფრო ინტენსიური დინამიკა უკრაინასთან მიმართებაში, ვიდრე საქართველოსთან მიმართებაში. ეს დასანანია, რადგან ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში სწორედ იმას ვცდილობთ, რაც შეიძლება თვალნათლივ ვაჩვენოთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ ის, რაც ხდება ყირიმში და რაც მოხდა საქართველოში, არის ერთი სცენარი", - განაცხადა მარგველაშვილმა.