თბილისში საახალწლო აქსესუარებისა და ილუმინაციისთვის წელს ბიუჯეტიდან 205 000 ლარი გამოიყოფა, - ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს წევრებმა ბიუროს სხდომაზე დღეს მიიღეს.
ბიუროს წევრებმა მხარი დაუჭირეს ისეთ პროგრამებში ცვლილებების განხორციელებას, რომელთაგან ერთ-ერთი ქვეპროგრამა საახალწლო ილუმინაციისა და აქსესუარებისათვის თანხის გამოყოფას ითვალისწინებდა. ამასთან დაკავშირებით, ბიუროს სხდომაზე აღნიშნული პროგრამის მიმართ კითხვები გაუჩნდა საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება – რესპუბლიკელების" თავმჯდომარეს ხათუნა სამნიძეს. იგი აცხადებდა, რომ წლევანდელი ბიუჯეტი დეფიციტურია, ამდენად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა თანხა იხარჯებოდა ამ კუთხით წინა წლებში. სხდომაზე სამნიძემ აღნიშნა, რომ ბიუროზე წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არ იყო ჩამოყალიბებული რა თანხა იხარჯებოდა წინა წლებში და არ იყო ასევე დასახალებული ის ქუჩები, რომლებიც წელს საახალწლოდ გაფორმდება.
როგორც თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, გოჩა ბაბუნაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თანხა კეთილმოწყობის სამსახურს გამოეყო, რომლითაც საახალწლოდ გათვალისწინებულია ილუმინაციების შეძენა თბილისის ცენტრალური ქუჩების გარდა გარეუბნების განათებისა და გაფორმებისტვის; დაახლოებით 5 ყინულის მოედანი მოეწყობა წინასაახალწლოდ თბილისში, მათგან ორი გლდანში; თბილისის ათივე რაიონში საახალწლო სოფლები გაკეთდება, სადაც საახალწლო ნობათი და პროდუქტები იაფ ფასებში გაიყიდება. ბაბუნაშვილის განცხადებით, 205 000 ლარიდან თანხა გათვალისწინებულია ასევე საახალწლო ღამეს ფოიერვერკის შესაძენად. მისივე განცხადებით, საახალწლო ღონისძიებებისათვის დამტკიცებული თანხა წინა წლებთან შედარებით 70 000 ლარით მეტია.
"ახალ წელს თბილისში ვერ ავკრძალავთ, ამისთვის გამოვყავით თანხები, ჩავატარებთ ტენდერებს და ყველაფერი გამჭვირვალედ ჩატარდება", - აღნიშნა თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ.
როგორც საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება – რესპუბლიკელების" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ბაბუნაშილის პასუხი, რომ თბილისში ახალ წელს ვერ ავკრძალავთ, არასერიოზულია. მისივე თქმით, ახალი წლის აკრძალვაზე საუბარი არ არის, საჭიროა ვიცოდეთ რომელი ქუჩები განათდება და რაზე დაიხარჯება თანხები. საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მას დაპირდნენ, რომ თანხებთან დაკავშირებით ახალ გაანგარიშებას მიაწვდიან, რასაც იგი იმედოვნებს. აღნიშნულიდან გამომდინარე კი აცხადებს, რომ შესაძლებელი იქნება ამ ქვეპროგრამაში კორექტირების შეტანა.