შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ხუთი გამშვები პუნქტის დახურვამ შესაძლოა, გამყოფი ხაზის გასწვრივ ვითარების დაძაბვა და უსაფრთხოების პირობების გაუარესება გამოიწვიოს.
ამის შესახებ"ინტერპრესნიუსს" ზაქარეიშვილმა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდეტის რაულ ხაჯიმბას იმ განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, ენგურის მიმდებარედ 5 ე.წ. სასაზღვრო-გამშვები პუნქტის დახურვა იგეგმება. ზაქარეიშვილი იმედოვნებს, რომ აფხაზური მხარის ეს პოზიცია გადახედილი იქნება.
"გამყოფ ხაზზე გადასასვლელი დამატებითი 5 გამშვები პუნქტი 2013 წელს გაიხსნა. ეს ნაბიჯი აღქმული იყო, როგორც აფხაზური მხარის კეთილი ნება, რომელიც მიმართული იყო როგორც გალის რაიონის, ისე მთლიანად აფხაზეთის ტერიტორიაზე და გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებისკენ.
გამშვები პუნქტების გახსნამ ხელი შეუწყო ადგილზე ვითარების განმუხტვას და გამყოფი ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამ გამშვები პუნქტების გაუქმების შემთხვევაში კი გამოიკვეთება, რომ მხოლოდ ერთი პუნქტი არ არის საკმარისი მოსახლეობის გადაადგილებისთვის. 5 გამშვები პუნქტის დახურვამ შესაძლოა, გამოიწვიოს გამყოფი ხაზის გასწვრივ ვითარების დაძაბვა და სწორედ უსაფრთხოების პირობების გაუარესება. ამით კი ეჭვქვეშ დადგება გამშვები პუნქტების შესაძლო დახურვის არგუმენტი, კერძოდ, რომ თითქოს, მიზანი უსაფრთხოების განმტკიცებაა. ამიტომ იმედს გამოვთქვათ, რომ ბატონი ხაჯიმბას ეს განცხადება გადახედილი იქნება, კარგად იქნება გაანალიზებული ყველა შედეგი და მიღებული იქნება უსაფრთხოებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე ყველაზე მოსახერხებელი გადაწყვეტილება", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ენგურზე ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვას და 6 "გამშვები პუნქტის" ნაცვლად ერთის დატოვებას გეგმავს.
სააგენტო "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამის შესახებ ხაჯიმბამ აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმის პოლიტსაბჭოს სხდომაზე განაცხადა. ამ დროისთვის ადმინისტრაციულ საზღვარზე 6 – ერთი ცენტრალური და 5 დამატებითი გადასასვლელი ფუნქციონირებს. აღსანიშნავია, რომ გალის რაიონში, ცენტრალური გამშვენი პუნქტის გარდა, ხუთი დამატებითი (4 საფეხმავლო და 1 საავტომობილო) 2013 წლის მაისში გაიხსნა და გალის რაიონის მაცხოვრებლებს გადაადგილება მხოლოდ ე.წ. აფხაზური ან ყოფილი საბჭოთა პასპორტებით შეუძლიათ.