გიორგი მარგველაშვილი უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით შსს-ს წარმომადგენლებს შეხვდება

გიორგი მარგველაშვილი უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით შსს-ს წარმომადგენლებს შეხვდება

უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეხვედრას შსს-ს წარმომადგენლებთან გამართავს.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის სასახლეში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ის დღეს არასამთავრობოებს ესაუბრა, რომლებიც მისი შეფასებით, ფაქტობრივად უკვე ექსპერტები არიან ამ სფეროში და ძალიან დეტალურად იციან ტექნიკური საკითხები.

"მე მოვისმინე მათი არგუმენტები, რომელშიც არის ძალიან ბევრი სიმართლე როგორც ტექნიკური, ასევე ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. მე შევხვდები, სავარაუდოდ მომდევნო კვირის დასაწყისში, უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს. ჩვენ მათ მოვიწვევთ შეხვედრაზე და მათ პოზიციასაც მოვისმენთ, რის შედეგადაც ჩამომიყალიბდება უფრო კონპეტენტური პოზიცია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კითხვაზე, თუ რა შემთხვევაში შეიძლება არ მოეწონოს უკანონო მოსმენების შესახებ კანონპროექტი და თუ არ მოეწონება რა შემთხვევაში გამოიყენებს ვეტოს, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს ძალიან თურმეობითი შეკითხვაა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ის ამ ეტაპზე პოზიციას იყალიბებს.

"აუცილებელია მოვისმინო შსს-ს პოზიციაც. აქედან გამომდინარე, მერე შევხედოთ არსებულ კანონმდებლობას და შესაბამისად ჩამოვაყალიბოთ ჩვენი ხედვა კანონპროექტზე ხელის მოწერასთან ან ვეტოს დადებას დაკავშირებით", - განაცხადა მარგველაშვილმა.