„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციაში ქვეყნის ხელისუფლებას რეკომენდაცია მიეცა, შეუცვალოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას თავისუფლების აღმკვეთი ზომა, შეწყვიტოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური დევნა და გააუქმოს ყადაღა, რომელიც ქვეყნის ყოფილი მეთაურისა და მისი ახლობლების ქონებაზეა დადებული, - ნათქვამია სტატიაში (ავტორი - იური როქსი).
„საინტერესოა, რომ მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლები მაიკლ იენსენი და ბორის სილევიჩი, რომელთა ანგარიშის საფუძველზეციქნა მიღებული ასეთი რეზოლუცია, განხილვას არ ესწრებოდნენ. უფრო მეტიც - ამბობენ, რომ ისინი ეწინააღმდეგებოდნენ ამგვარ რეკომენდაციებს და ამას იმით ხსნიდნენ, რომ სიტუაცია ჯერ კიდევ ისე არაა შესწავლილი, ასეთი გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო მიღებული. თუმცა, დავანებოთ თავის ამ ვერსიას და მათ სინდისზე დავტოვოთ, ვისაც ეს რეზოლუცია არ მოსწონს.
რეზოლუცია კი, რა თქმა უნდა, არ მოსწონს საქართველოს ხელისუფლებას. თბილისმა ვერ შეძლო საერთაშორისო საზოგადოების დარწმუნება იმაში, რომ ქვეყნის ყოფილი მაღალჩინოსნები ციხეში პოლიტიკური მიზეზების გამო კი არ სხედან, არამედ ჩადენილი კონკრეტული დანაშაულის გამო. თითქმის ყველას, ძებნაგამოცხადებული პირების ჩათვლით, ბრალი წაყენებული აქვთ კორუფციაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში... არის კიდევ სხვა დანაშაულებიც, მაგრამ მათ შესახებ ევროპელები არაფერს ამბობენ. ერთადერთი, რისი შეცვლაც შეძლეს რეკომენდაციაში საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა, ესაა ანგარიშის ტექსტიდან ბიძინა ივანიშვილის სახელისა და გვარის ამოღება. მას არავითარი სახელმწიფო თანამდებობა არ აქვს, მაგრამ ხელისუფლებაში ყოფნას აგრძელებს და გავლენას ახდენს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე. დანარჩენ პუნქტებთან მიმართებით, საპარლამენტო უმრავლესობამ უმცირესობასთან, ანუ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" ბრძოლა წააგო.
„ნაციონალები" თავიანთ კმაყოფილებას არ მალავენ და მზად არიან, მმართველ კოალიციას ევროპული რეკომენდაციების მკაცრი შესრულება მოსთხოვონ, თუმცა, საქართველოს ხელისუფლებას ამის გაკეთებას ვერცერთი კანონი ვერ აიძულებს. უბრალოდ, „ცნობად მიიღებენ" და ეგ იქნება. ამის მიუხედავად, უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის დებულებების იგნორირება ქვეყნის მომავალზე ნეგატიურად აისახება. იმავეს ამბობს უნისონში „ნაციონალთა" წარმომადგენელი ჩიორა თაქთაქიშვილიც.
სტატიაში გამოთქმული პროგნოზით, „ახლა, ალბათ, ევროდეპუტატებისაგან წაქეზებული „ნაციონალები" ციხეში გამოკეტილ თანაპარტიელთა გასათავისუფლებლად აქტიურ კამპანიას დაიწყებენ. ასევე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს ყურად არ იღებს და რეკომენდაციების შესრულებას მეტ-ნაკლებად მაინც დაიწყებს, ამას დროში გააჭიანურებს. გამოდის, რომ ქართველ საზოგადოებას წინ შიდაპოლიტიკური დაპირისპირების ახალი ტალღა ელოდება".
პუბლიკაციაში გადმოცემულია კომენტარები საქართველოს დელეგაციის წევრ თედო ჯაფარიძის („ჩემთვის გასაგებია ოპოზიციონერთა სიხარული იმის გამო, რომ რეზოლუციაში კონკრეტული გვარებია შეტანილი. ეს საქართველოს ხელისუფლებისთვის გზავნილია, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ არის საკითხები, რომელთა მოსაგვარებლად უკეთესად უნდა ვიმუშაოთ"), ვიცე-პრემიერ კახა კალაძის („ევროდეპუტატებმა საქართველოში არსებული სიტუაცია კარგად არ იციან...") და ექსპერტ დემურ გიორხელიძის („ეს სამარცხვინო რეზოლუციაა როგორც ევროსაბჭოს ასამბლეისათვის, ასევე საქართველოს ხელისუფლებისათვის, განსაკუთრებით კი „ნაციონალებისათვის", რომლებიც მზად არიან სამშობლოს დისკრედიტაციისათვის...").
ასეა თუ ისე, ამგვარი რეზოლუციის მიღების გამო საქართველოს მთავრობას მხოლოდ საკუთარი თავის დადანაშაულება შეუძლია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თავის ინტერესებსა და მიზნებს ახორციელებს, რომლებიც კანონიერ მოქმედებად ითვლება... და თუ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის დელეგატებმა ევროდეპუტატებს თავიანთი სიმართლე ვერ დაუმტკიცეს, ამას „ნაცმოძრრაობას" ვერ დააბრალებენ: „ქართული ოცნებისათვის" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ექსპერტებს არაერთხელ ურჩევიათ, რომ „ნაციონალებთან" კონკურენციის პირობებში აუცილებელია პროპაგანდის გააქტიურება საერთაშორისო არენაზეც, ყურადღების მიქცევა იმ ფორუმებისათვის, რომლებშიც მათი შიდაპოლიტიკური ოპონენტები მონაწილეობენ. როგორც ჩანს, „მეოცნებეებმა" ეს რჩევები ერთ ყურში შეუშვეს, მეორედან გაუშვეს.
http://www.ng.ru/cis/2014-10-03/7_saakashvili.html