ენგურზე

ენგურზე "საზღვარი" შესაძლოა არა რუსმა სამხედროებმა, არამედ, აფხაზურმა ფორმირებებმა გააკონტროლონ

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრის მამუკა აჩბას განცხადებით, შესაძლოა, ცენტრალური გამშვები პუნქტი ენგურის ადმინისტრაციულ საზღვარზე არა რუსმა სამხედროებმა, არამედ, აფხაზურმა ე.წ. საჯარისო ფორმირებებმა გააკონტროლონ.

როგორც აჩბამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სწორედ ამის მიღწევას ცდილობს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ადმინისტრაციულ საზღვარზე გამშვები პუნქტების ჩაკეტვით.

"საქართველოს ხელისუფლებას და კერძოდ, პაატა ზაქარეიშვილს რამდენიმე დღის წინ, სოციალური ქსელის საშუალებით პირადად მივმართე ამ საკითხთან დაკავშირებით, როდესაც თვითონ ზაქარეიშვილის განცხადება გავრცელდა, რომ შესაძლოა, ხაჯიმბას დე ფაქტო მთავრობამ "საზღვრები" ჩაკეტოს. მე ხაზი გავუსვი იმას, რომ სახელმწიფო მინისტრმა უნდა იცოდეს, რომ ადმინისტრაციული საზღვარი რამდენიმე წელია, ისედაც ფაქტობრივად ჩაკეტილია, რადგან ამ საზღვარს აკონტროლებენ რუსი სამხედროები სასაზღვრო-გამშვები პუნქტების მეშვეობით. ამ ხნის განმავლობაში საქართველოს მთავრობას არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს, განცხადებაც კი არ გაუკეთებია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს სასაზღვრო-გამშვები პუნქტები საერთოდ არასებობს. როდესაც ხაჯიმბა აცხადებს, რომ ის "საზღვრებს" ჩაკეტავს, ეს არ ნიშნავს, რომ აბსოლუტურ იზოლაციაში მოაქცევს საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვარს, არამედ დატოვებს მხოლოდ ცენტრალურ გამშვებ პონქტს, რომელსაც ჭუბურხინჯის გამშვები პუნქტი ჰქვია და მოსალოდნელია, რომ ეს გამშვები პუნქტი გააკონტროლონ არა რუსმა სამხედროებმა, არამედ აფხაზურმა ე.წ. საჯარისო ფორმირებებმა. ეს იქნება პირველი პრეცედენტი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ისტორიაში, რომ მას ეყოლება თავისი სასაზღვრო ჯარი", - განაცხადა აჩბამ.

მისივე თქმით, ამ ვითარებაში საქართველოს მთავრობა აბსოლუტურად უუნარო და უმოქმედოა და ელემენტარულად, ინფორმაციაც ვერ გააქვს საზღვარგარეთ, თუნდაც ჟენევის დისკუსიების ფორმატში.

რაც შეეხება იმას, თუ რა იცვლება იმით, აფხაზური მხარე გააკონტროლებს ადმინისტრაციულ საზღვარს თუ რუსი სამხედროები, აჩბა მიიჩნევს, რომ ხაჯიმბა მეტი დამოუკიდებლობის მოპოვებას ცდილობს.

"ჩემი ვარაუდით, ამ შემთხვევაში ხდება ასეთი რამე - მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა ექსპერტებმა ხაჯიმბა შეაფასეს, როგორც პრორუსული ძალა, ჩემი აზრია, რომ ის იქნება პირველი აფხაზი პოლიტიკოსი, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას წაიყვანს არა რუსეთის მხარეს, არამედ თვითგამორკვევისა და აფახაზური რესპუბლიკის ჩამოყალიბებისკენ. ხაჯიმბა იქნება პირველი პიროვნება, რომელიც წავა რუსეთის წინააღმდეგ და ამის თქმის საფუძველს მაძლევს თავად ის შიდა ძალები, რომლებიც რაულ ხაჯიმბას დასაყრდენს წარმოადგენენ აფხაზეთში", - განაცხადა აჩბამ.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ენგურზე ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვას და 6 "გამშვები პუნქტის" ნაცვლად ერთის დატოვებას გეგმავს.

სააგენტო "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამის შესახებ ხაჯიმბამ აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმის პოლიტსაბჭოს სხდომაზე განაცხადა. ამ დროისთვის ადმინისტრაციულ საზღვარზე 6 – ერთი ცენტრალური და 5 დამატებითი გადასასვლელი ფუნქციონირებს. აღსანიშნავია, რომ გალის რაიონში, ცენტრალური გამშვენი პუნქტის გარდა, ხუთი დამატებითი (4 საფეხმავლო და 1 საავტომობილო) 2013 წლის მაისში გაიხსნა და გალის რაიონის მაცხოვრებლებს გადაადგილება მხოლოდ ე.წ. აფხაზური ან ყოფილი საბჭოთა პასპორტებით შეუძლიათ.