ჩვენ, როგორც სუვერენული ქვეყანა, თავად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელი ცენტრი განთავსდეს და როგორი ფორმით ვიზრუნოთ რეგიონში მშვიდობის დამყარების საქმეში ჩვენი წვლილის შეტანაზე, - ასე ეხმაურება სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას საქართველოში სირიელი მეამბოხეების საწვრთნელი ცენტრის შესაძლო გახსნის თაობაზე.
"(რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს) ეს განცხადება ყველაფერია, გარდა პრესაში გავრცელებულ ინფორმაციაზე რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებასა და შენარჩუნებაში დაინტერესებული სახელმწიფოს გამოხმაურებისა. პირდაპირ რომ ვთქვათ, ის წარმოადგენს მუქარის შემცველ გაფრთხილებას იმ სახელმწიფოსი, რომელმაც მოახდინა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, არაფრად აგდებს საერთაშორისო შეთანხმებებსა და სამართლის ნორმებს და ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან ყოველმხრივ ხელს უწყობდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე ექსტრემისტებისა და კრიმინალებისთვის ე.წ. "უსაფრთხო სამოთხის" შექმნას. ცინიზმია და სხვა არაფერი, რომ მაშინ, როდესაც თავად ეს სახელმწიფო ახდენს 21-ე საუკუნეში სუვერენული უკრაინის ტერიტორიების ანექსიას, ღია აგრესიას მის წინააღმდეგ, განაგრძობს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას, შეწუხებით და მზრუნველობით საუბრობს სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე სამხრეთ კავკასიაში. ვადასტურებ რა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ნამდვილად არ განიხილება სირიელი მეამბოხეების საწრთვნელი ცენტრის გახსნის საკითხი, მოვუწოდებ რუსულ მხარეს, თავად გადააფასოს საკუთარი ქმედებები, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, შეწყვიტოს უკრაინის ტერიტორიაზე სეპარატისტებისთვის ხელშეწყობა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა, უკან წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო აღიარება და უკრაინის ტერიტორიების ანექსიაზე გადაწყვეტილება", - წერს ალექსი პეტრიაშვილი Fაცებოოკ-ში საკუთარ გვერდზე.
მისივე თქმით, ქართული მხარის ყველა ქმედება მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებისკენ და გრძელვადიანი სტაბილურობის დამყარებისკენ როგორც საქართველოში, ისე მთელს რეგიონში.
"გარწმუნებთ, რომ რუსეთთან მიმართებაში ზემოხსენებული პრობლემების მოგვარება მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს და დააჩქარებდა რუსეთთან სრულფასოვანი, კეთილმეზობლური, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების აღდგენას, რისთვისაც მზაობა საქართველოს მთავრობამ არაერთხელ დაადასტურა", - აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მოსკოვში ყურადღება მიაქციეს ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ეხებოდა საქართველოში ამერიკული საწვრთნელი ბანაკის შექმნას, სადაც სირიის ოპოზიციონერი "ბოევიკები" მომზადებას გაივლიდნენ.
"რა თქმა უნდა, თბილისს ეს გადაწყვეტილება რომ მიეღო, ეს სერიოზული ზიანის მომტანი იქნებოდა უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის სამხრეთ კავკასიაში, რუსეთის საზღვრებთან ახლოს", - აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასში ასევე საუბარია, ამ შემთხვევაში გარდაუვალი იქნებოდა ნეგატიური შედეგები რუსეთ-საქართველოს შორის მიმდინარე ნორმალიზაციის პროცესში.
"აქედან გამომდინარე, თბილისის, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ აღნიშნული ინფორმაციის უარყოფა ჩვენს მიერ სერიოზულად იქნა მიღებული. ჩვენ ამ თემას ყურადღებით დავაკვირდებით", - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რამდენიმე დღის წინ Foreign Policy-მა გამოაქვეყნდა სტატია, სადაც ნათქვამი იყო, რომ საქართველომ აშშ-ს სირიელი მეამბოხეებისთვის საწვრთნელი ცენტრის განთავსება შესთავაზა. ეს ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა უარყვეს.