დღევანდელი ხელისუფლება კანონის უზენაესობას კი არ ამკვიდრებს, პოლიტიკურ დევნას ახორციელებს

დღევანდელი ხელისუფლება კანონის უზენაესობას კი არ ამკვიდრებს, პოლიტიკურ დევნას ახორციელებს

კარგია, როდესაც მოსამართლე ითვალისწინებს, რომ დღევანდელი ხელისუფლება კანონის უზენაესობას კი არ ამკვიდრებს, არამედ პოლიტიკურ დევნას ახორციელებს , - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა დავით დარჩიაშვილმა გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის საქმეზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის დართვის შესახებ კომენტირებისას "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, ევროპის საბჭოს მთავარი პრიორიტეტი სწორედაც ადამიანის უფლებებია კანონის უზენაესობის შესაბამისად.

"თუკი თავიდანვე ეს ორგანო ყველაფერ ამაში ხედავს პოლიტიკურ მოტივს, ეს არის ძალიან სერიოზული ბრალდება, რომ დღევანდელი ხელისუფლება კანონის უზენაესობას კი არ ამკვიდრებს, პოლიტიკურ დევნას ახორციელებს. თუ მოსამართლე ამას ითვალისწინებს, ძალიან კარგია", - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

საქალაქო სასამართლოში დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, რომელშიც გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილზეა საუბარი, საქმეს დაერთო. საქმეზე აღნიშნული დოკუმენტის დართვა დაცვის მხარის ადვოკატებმა მოითხოვეს. პროკურატურა ამის წინააღმდეგი იყო, თუმცა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და რეზოლუცია საქმეზე სხვა მტკიცებულებებთან ერთად განიხილება.