თამარ საკინიკიძე დეპუტატების კრიტიკას პასუხობს

თამარ საკინიკიძე დეპუტატების კრიტიკას პასუხობს

საქართველოს განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, მასწავლებელთა სერტიფიცირების სქემასთან დაკავშირებით "ჯერჯერობით კომპეტენტური არგუმენტი" არ მოუსმენია. როგორც მინისტრი აცხადებს, სერტიფიცირების სქემა, რომელიც გუშინ პარლამენტის სესიაზე "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში ცვლილების განხილვისას კრიტიკის საგანი გახდა, ძალიან კარგად გამოცდილი და აპრობირებულია. მისივე თქმით, ამ სქემის შემუშავებაში 12 000 მასწავლებელი იყო ჩართული. თამარ სანიკიძის თქმით, სქემის მიხედვით ყველანაირი კორუფციის და ჩაგვრის მომენტი გამორიცხულია.

"სქემის შესახებ ჯერჯერობით კომპეტენტური არგუმენტი არ მომისმენია. ეს არ არის ჰაერიდან აწყობილი სისტემა. ეს არის ძალიან კარგად გამოცდილი, აპრობირებული, და ვფიქრობ, ჩვენი პედაგოგებისთვის მისაღები სქემა. ამიტომ შევეცდებით ბოლომდე დავადასტუროთ და არგუმენტურებულად დავდოთ ჩვენი დასკვნები ამასთან დაკავშირებით. სქემა არ წარმოადგენს კანონში გასაწერ ინსტრუქციას, ეს არის დოკუმენტი, რომელიც დარეგულირდება ცალკე ნორმატიული აქტით ეს არის განათლების სპეციალისტების და ექსპერტების თემა, შესაბამისად, დაწერილი და წარმოდგენილი იქნება ჩვენს მიერ მთავრობაზე და დამტკიცდება მთავრობის მიერ", - აცხადებს სანიკიძე.

"ზოგადი განათლების შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტმა გუშინ პირველი მოსმენით იმსჯელა. კანონპროექტი კრიტიკის საგანი საპარლამენტო უმცირესობის წევრების გარდა, უმრავლესობის მხრიდანაც გახდა. კრიტიკის საგანი გახდა პროექტის ის ნაწილიც, რომლის მიხედვით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მასწავლებლობის უფლების ჩამორთმევის შესაძლებლობა ეძლევა. ამასთან დაკავშირებით უმცირესობის კრიტიკა გაუგებარია განათლების მინისტრისთვის.

"ეს კრიტიკა იყო აბსოლუტურად გაუგებარი, განსაკუთებით უმცირესობის წარმომადგენლების მხრიდან. რეალურად ეს მუხლი კანონში იდო თავიდანვე, უბრალოდ ეს უკავშირდებოდა არსებულ სერტიფიცირებას და ნათქვამი იყო, რომ შესაძლებელი იყო თავიდანვე განათლების სამინისტროს მიერ სერთიფიკატის ჩამორთმევა, შესაბამისად, მასწავლებლის უფლების ჩამორთმევაც. იმიტომ რომ, მასწავლებლობა და მასწავლებლობის უფლებაც მიბმული იყო სერტიფიკატზე. რაც შეეხება უმრავლესობის შენიშვნას ამ მუხლთან დაკავშირებით - რომელი უნდა იყოს ჯერ - ჩამორთმევა მასწავლებლობის უფლების და მერე სასამართლო პროცესი, თუ პირიქით, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ უფლების ჩამორთმევა, სავსებით მისაღებია. ჩვენ ამ რეკომენდაციას მივიღებთ. ჩვენთვის მისაღებია გვქონდეს შესაძლებლობა, რომ დროებით შევაჩეროთ უფლება და საბოლოოდ დაველოდოთ სასამართლო გადაწყვეტილებას. ეს არის ფორმულირების საკითხი. სამწუხაროდ, იშვიათად, მაგრამ მაინც არის ფაქტები, როდესაც მასწავლებელი არღვევს მოსწავლის უფლებას", - აცხადებს სანიკიძე.
რაც შეეხება უშუალოდ კანონპროექტს, სანიკიძე კანონპროექტში კორექტირებას "ფორმულირების და არა პრინციპების ნაწილში" არ გამორიცხავს.

"კანონპროექტი წარმოადგენს ჩარჩოს და აქ განსაზღვრულია ძირითადი პრინციპები. რაც იქნება კარგი და მისაღები, გავითვალისწინებთ. არის შემოთავაზებები, გარკვეულ მუხლებთან შენიშვნები. დიდი ნაწილი გაზიარებულია, იმიტომ რომ კანონმდებელმა უკეთ იცის ფორმულირება, როგორი უნდა იყოს კანონში. საუბარია ძირითადად ფორმულირების ნაწილზე და არა იმ პრინციპზე რომელიც ჩვენ შემოგვაქვს", -აცხადებს სანიკიძე.

მასწავლებლებთან და დირექტორებთან დაკავშირებით "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის კენჭისყრაზე გატანა პარლამენტმა გუშინ გადადო. კანონპროექტს პარლამენტის შემდგომ პლენარულ სხდომაზე ეყრება კენჭი, მანამდე კი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის კორექტირება კიდევ ერთხელ მოუწევს.