ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქმეს მტკიცებულებად დაერთო.
რიყის ტერიტორიის და ტელეიმედის გასხვისების საქმეზე დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ რეზოლუცია, რომელშიც გიგი უგულავა და დავით კეზერაშვილი არიან მოხსენებული, საქმეს მტკიცებულებად დაერთოს, რაც ხელს შეუწყობს საქმის ობიექტურ გამოძიებას.
ბრალდების მხარის პროკურორმა დაცვის შუამდგოლმლობის საპასუხოდ განაცხადა, რომ დოკუმეტს არანაირი შემხებლობა არ აქვს საქმესთან, ასევე ატარებს რეკომენდაციის ხასიათს, რის გამოც საქმეს არ უნდა დაერთოს.
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ კი განმარტა, რომ დოკუმენტი უშუალო შემხებლობაში საქმესთან არ არის, თუმცა ირიბად უკავშირდება ბრალდებულებს, ვინაიდან ამ დოკუმენტებში ისინი მოხსენიებულები არიან. მოსამართლის განცხადებით, დოკუმენტი საკმაოდ გავლენიანი ორგანიზაციის მიერ არის მიღებული და ვინაიდან უშუალოდ არიან ნახსენები ბრალდებულები, არ არსებობს წინაპირობა რომ იგი საქმეს არ დაერთოს.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ევროსაბჭოს რეზოლუციას საქმეში ჩაიდება და გამოკვლეული იქნება სხვა დანარჩენ მტკიცებულებთან ერთად.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე რეზოლუცია გუშინ გამოქვეყნდა.
რეზოლუციაში საუბარია საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დაპატიმრებებზე, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის, ბაჩო ახალაიას, ზურაბ ადეიშვილის, გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილი შესახებ.
"უნდა აღინიშნოს, რომ ორი წლის შემდეგ ყოფილი მმართველი პარტიის თითქმის ყველა მაღალჩინოსანი დაპატიმრებულია, წაყენებული აქვს ბრალდებები ან გამოძიების ქვეშაა, მათ შორის დაპატიმრებული არიან ყოფილი პრემიერ-მინისტრი და "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა. დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი და წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავიდ კეზერაშვილსა და იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს", - ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.