რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი საქართველოში სირიელი "ბოევკიების" საწვრთნელი ცენტრის შესაძლო განთავსების თაობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მოსკოვში ყურადღება მიაქციეს ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ეხებოდა საქართველოში ამერიკული საწვრთნელი ბანაკის შექმნას, სადაც სირიის ოპოზიციონერი "ბოევიკები" მომზადებას გაივლიდნენ.
"რა თქმა უნდა, თბილისს ეს გადაწყვეტილება რომ მიეღო, ეს სერიოზული ზიანის მომტანი იქნებოდა უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის სამხრეთ კავკასიაში, რუსეთის საზღვრებთან ახლოს", - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ ამ შემთხვევაში გარდაუვალი იქნებოდა ნეგატიური შედეგები რუსეთ-საქართველოს შორის მიმდინარე ნორმალიზაციის პროცესში.
"აქედან გამომდინარე, თბილისის, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ აღნიშნული ინფორმაციის უარყოფა ჩვენს მიერ სერიოზულად იქნა მიღებული. ჩვენ ამ თემას ყურადღებით დავაკვირდებით", - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რამდენიმე დღის წინ Foreign Policy-მა სტატია გამოაქვეყნდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ საქართველომ აშშ-ს სირიელი მეამბოხეებისთვის საწვრთნელი ცენტრის განთავსება შესთავაზა. ეს ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა უარყვეს.