არაკომერციულ ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა 20.7%–ით შემცირდა

არაკომერციულ ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა 20.7%–ით შემცირდა

საქსტატის მონაცემებით, არაკომერციულ ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობამ 2013 წელს 65.7 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 63.7% ქალია, ხოლო 36.3% კი კაცი. აღნიშნული მაჩვენებელი კი 2012 წელთან შედარებით 20.7%–ით არის შემცირებული.

საქსტატის განმარტებით, დასაქმებულთა რაოდენობის, ისევე როგორც სხვა მაჩვენებლების შემცირება ფიქსირდება განათლების (32.2%–ით) დარგში.

მათი თქმით, 2013 წელს მაჩვენებელთა ცვლილება წინა წელთან შედარებით, ძირითადად გამოწვეულია განათლების დარგში არსებული უმაღლესი სასწავლებლების (თსუ, ტექნიკური უნივერსიტეტი, სამედიცინო უნივერსიტეტი და ა.შ) ორგანიზაციულ–სამართლებრივი ფორმის ცვლილებით, რომლის შედეგადაც ისინი არაკომერციული ორგანიზაციების სექტორიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირების სექტორში გადავიდნენ.

დასაქმებულთა ყველაზე დიდი ნაწილი 49.4% – განათლების დარგის ორგანიზაციებზე მოდის, 37% – კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის დარგის ორგანიზაციებზე; 9.7% - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების დარგის ორგანიზაციებზე, ხოლო დანარჩენი 3.9% სხვა დარგებში ნაწილდება.

დასაქმებულთაგან დაქირავებულია 65 ათასი (მათ შორის ქალია 63.9%). დაქირავებულთა რაოდენობა 2013 წელს, 2012 წელთან შედარებით შემცირებულია დაახლოებით 20%–ით.

დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2013 წელს არაკომერციული ორგანიზაციების სექტორის ბრუნვის მოცულობამ – დამხმარე კომერციული საქმიანობიდან – 123.8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, 37.7%–ით არის შემცირებული.

ბრუნვის მოცულობაში ყველაზე დიდი წილი მოდის განათლების დარგის დაწესებულებებზე (39.2%), აგრეთვე კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევისა (30.6%) და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების დარგის ორგანიზაციებზე (18%).

ბრუნვის მოცულობის ყველაზე მნიშვნელოვანი შემცირება განათლების დარგზე მოდის (60.9%). აღნიშნული მაჩვენებლის შემცირება დაფიქსირდა ასევე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების (33.9%) და სოფლის მეურნეობის, ნადირობისა და სატყეო მეურნეობის დარგში (45.6%).

ბრუნვის მოცულობა დაახლოებით, 5–ჯერაა გაზრდილი ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგში; 2.8–ჯერ ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევის ადდრგში; 4.7%–ით – კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის დარგში; ბრუნვა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ასევე საფინანსო საქმიანობის დარგშიც.

პროდუქციის (საქონლისა და მომსახურების) გამოშვების მოცულობამ არაკომერციული ორგანიზაციების სექტორში 2013 წელს 746.6 მილიონი ლარი შეადგინა (აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია 8%–ით).

პროდუქციის გამოშვებაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩეოდა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის (52.4%), განათლებისა (26.2%) და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების დარგის (16.1%) ორგანიზაციები.

სტატისტიკის სამსახურის განმარტებით, არაკომერციული ორგანიზაციები წარმოადგენენ საქონლისა და მომსახურების მწარმოებელ იურიდიულ პირებს ან სოციალურ ორგანიზაციებს, რომლებიც არ არიან ორიენტირებულნი ინსტიტუციური ერთეულებიდან მოგების ან ფინანსური კეთილდღეობის მიღებაზე.

ამასთან, არაკომერციული ორგანიზაციების პროდუქციის ძირითადი ნაწილი რეალიზდება უფასოდ, ან ეკონომიკურად უმნიშვნელო ფასებში. აღნიშნული არაკომერციული ორგანიზაციები იმყოფებიან თვითდაფინანსებაზე და სახსრებს ძირითადად იღებენ შემოწირულობებისა და საკუთარი წევრების შენატანების სახით. ისინი შემოსავლებს იღებენ აგრეთვე ორგანიზაციის კუთვნილი მატერიალური და ფინანსური აქტივებიდან. არაკომერციულ ორგანიზაციებს აქვთ დამხმარე კომერციული სამიანობის უფლება.