მასწავლებლები საცდელი ბაჭიები არ არიან, - ამ განცხადებით გუშინ, პარლამენტის ტრიბუნიდან განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ ვანო კიღურაძემ განათლების სამინისტროს მიმართა.
"ზოგადი განათლების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი, რომლის ერთი ნაწილი მასწავლებელთა სერტიფიცირების არსებული მოდელის გაუქმებასა და მასწავლებლის პროფესიული წინსვლის ალტერნატიული სქემის შემოღებას ითვალისწინებს, განათლებისა და მეცნიერების საკომიტეტო სხდომის შემდეგ, გუშინ პლენარულ სხდომაზე გააკრიტიკეს. საკითხი პარლამენტში პირველი მოსმენით განიხილეს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შეთავაზებული სქემის მიხედვით, მასწავლებლები კომპეტენციებისა და საქმიანობის შედეგების მიხედვით შემდეგ კატეგორიებად დაიყოფიან: მენტორი მასწავლებელი (უმაღლესი კატეგორია), მკვლევარი მასწავლებელი (პირველი კატეგორია), წარჩინებული მასწავლებელი (მეორე კატეგორია), პრაქტიკოსი მასწავლებელი (მესამე კატეგორია). პარლამენტში წარდგენილი პროექტის თავდაპირველი ვარიანტით, ახალი სქემა კანონში საერთოდ არ იყო ასახული და მასზე მხოლოდ პროექტის განმარტებით ბარათში იყო საუბარი. კომიტეტმა განათლების სამინისტროსგან სქემის კანონში შეტანა და მისი არსის დაკონკრეტება მოითხოვა.
როგორც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ ვანო კიღურაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სასერტიფიკაციო გამოცდების არსებულმა სქემამ ვერ გაამართლა, შედეგები არის სავალალო და სამწუხარო, როცა 62 ათასი მასწავლებლიდან სასერტიფიკაციო გამოცდები 42 ათასმა ვერ ჩააბარა. კიღურაძის თქმით, "მასწავლებელთა სერტიფიცირების არსებული წესი რომ შესაცვლელია, ამაზე ორი აზრი არ არსებობდეს, მაგრამ როცა ერთი სქემა მეორე სქემით იცვლება, საჭიროა დაფიქრება და საკითხის კარგად აწონ-დაწონა".
"კანონპროექტში სტატუსები შეტანილია, თუმცა არც ერთი ეს სტატუსი დაკონკრეტებული და განმარტებული არ არის. მინდა მივმართო განათლების სამინისტროს - მასწავლებლები საცდელი ბაჭიები არ არიან. როცა ახალი სქემა შემოგაქვთ, ყველაფერი კარგად უნდა იყოს გათვალისწინებული, ყველა ტერმინი და ცნება ბოლომდე განმარტებული. ერთი გამოცდის ჩატარება ვერ შევძელით, ესე იგი რაღაც პრინციპები ვერ შევიმუშავეთ და როგორ შეძლებთ მასწავლებელების ოთხ კატეგორიად დაყოფას?! რა აზრობრივი დატვირთვა აქვს ამ ტერმინებს, ცხადად არ არის წარმოდგენილი, რა დევს თითოეული ტერმინის უკან და რა აზრობრივი დატვირთვა გააჩნია მას", - განაცხადა კიღურაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
კიღურაძის შეფასებით, "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა იმ ნაწილის გარეშე უნდა მიიღოს, რომელიც მასწავლებელთა სერტიფიცირების ალტერნატიულ მოდელს ეხება და ამ თემაზე ინტენსიური მუშაობა გაგრძელდეს.