,,ნაციონალური მოძრაობა“ არასამთავრობო ორგანიზაციის ,,თავისუფალი ზონის“ დახმარებით, ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობას იწყებს და საამისოდ, ორგანიზაციას ახლო მომავალში დააფინანსებენ კიდეც.
ამ საკითხზე გაზეთი ,,ალია“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, დღევანდელ ნომერში წერს.
გამოცემის ინფორმაციით, უახლოეს ხანებში ,,თავისუფალ ზონას“ 5 მილიონი ლარით დააფინანსებენ, რასაც ორგანიზაციის წარმომადგენლები ,,ნაციონალების“ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად გამოიყენებენ.
,,სავარაუდოდ ძალიან მალე, ,,თავისუფალი ზონა“ 5 მილიონიან გრანტს მიიღებს. გრანტს ერთ-ერთი უნგრული არასამთავრობო ორგანიზაცია გამოუყოფს, რომელსაც ,,ლიბერალური დემოკრატიის განვითარების ფონდი“ ჰქვია. აღნიშნული ფონდი უნგრეთში ზურაბ ადეიშვილმა და მასთან მყოფმა, საქართველოდან გაქცეულმა ,,ნაციონალებმა“ დააფუძნეს. დაფუძნებულთა შორის თავად უნგრელებიც არიან. ამ ფონდში ფულს თვითონ ,,ნაციონალები“ რიცხავენ იმ ოფშორული კომპანიებიდან, რომლებიც მათ გააჩნიათ. ფონდში დავით კეზერაშვილმა 1 მილიონი დოლარი გადარიცხა“,- აღნიშნავს გაზეთი.
წყაროს ინფორმაციით, ,,თავისუფალი ზონის“ წევრები ,,ნაციონალებს“ გაიტაცებენ და ამას ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები სათავისოდ გამოიყენებენ.
,,მალე ,,თავისუფალი ზონის“ ,,ზონდერები“ ,,ნაცმოძრაობის“ ლიდერებს გაიტაცებენ, მათ შორის, პარლამენტარებსაც, რომელთაც თბილისის გარეთ მანქანებით გაიყვანენ, მაგრად სცემენ და იქვე დააგდებენ. ცხადია, ამას ნიღბიანები გააკეთებენ და ამაზე ,,ნაციონალები“ ყვირილს დაიწყებენ: ,,ისეთი უსუსურია ხელისუფლება და პოლიცია, რომ უკვე დეპუტატებსაც იტაცებენ“: ,,ხელისუფლებამ ოპოზიციური პარტიის დეპუტატებზე სისხლიანი ანგარისშწორება დაიწყო“ და ა.შ. ინფორმაციას დასავლელ მფარველებსაც მიაწვდიან და ისინი იქიდან თითის ქნევას დაიწყებენ“,- წერს გამოცემა.
გარდა ამისა, წყაროს თქმით, ,,რუსთავი2“-ის ჟურნალისტების გატაცება და ცემაცაა დაგეგმილი.
,,ცხადია, ესეც იმისთვის გაკეთდება, რომ მერე წიოკი ატეხონ და შეეცადონ, თავისიანების დასაცავად და ,,სისხლიანი ხელისუფლების“ წინააღმდეგ, მომხრეები გარეთ გამოიყვანონ. ანუ, ეს ყველაფერი ხალხის ქუჩაში გამოსაყვანად და საპროტესტო აქციების დასაწყებად სჭირდებათ“,- წერს გაზეთი.
გამოცემის თანახმადვე, ,,თავისუფალი ზონის“ ოფისები ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება და პროცესებს ადგილობრივი ,,ნაციონალები“ ჩაუდგებიან სათავეში.
,,ნაციონალები“ ,,თავისუფალი ზონის“ გამოყენებას მარტო თბილისში არ გეგმავენ. გეგმის მიხედვით, ,,თავისუფალი ზონის“ ოფისები საქართველოს ათივე რეგიონში უნდა გაიხსნას და ცხადია, ამ ოფისებს ადგილობრივი ,,ნაციონალები“ ჩაუდგებიან სათავეში. ადგილობრივ ,,ზონდერებს“ შიგნით შეყრიან და სტუდენტებსა და ახალგაზრდებს ,,ზემოდან გადააფარებენ“, ვითომ უბრალოდ არასამთავრობო ორგანიზაციების ფილიალებია“ - წერს გაზეთი.
გამოცემის ცნობითვე, იმ ფულით, მალე ,,თავისუფალი ზონა“ უნგრეთიდან რომ მიიღებს,,ნაციონალები“ მოსასმენ აპარატურას შეიძენენ და საკუთარ ოფისებში დაამონტაჟებენ. წყაროს თქმით კი, ამის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროზე განახორცილებენ ზეწოლას და მთავარი ოპოზიციური ძალის მიყურადებაში დასდებენ ბრალს.
,,დაგეგმილია ძლიერი მისაყურადებელი საშუალებების შეძენა. მიუხედავად კონტროლისა, თანამედროვე ,,ჟუჩოკების“ ქვეყანაში შემოტანაც ,,ნაციონალები“ მაინც შეძლებენ. ამ ,,ჟუჩოკებს“ ,,ნაცმოძრაობისა“ და ,,თავისუფალი ზონის“ მთავარ და რეგიონულ ოფისებში დააყენებენ. ერთ დღესაც, რომელიმე ოფისში მოსასმენს აღმოაჩენენ და მერე, ერთი მეორის მიყოლებით, ანალოგიურ მოსასმენებს ერთდროულად რამდენიმე ოფისში ,,იპოვიან.“ მათ შორის, ,,რუსთავი2“-სა და მათი მხარდამჭერი სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტთა თანდასწრებით, რომ ამ სიყალბეს მეტი დამაჯერებლობა შემატონ. ამ ამბავს დიდი ხმაური მოჰყვება, შს სამინისტროს გადაბრალდება ყველაფრი - მთავარ ოპოზიციურ ძალას და მის მხარდამჭერ არასამთავრობოს ხელისუფლება უსმენსო. ამით ,,ნაცები“ საერთაშორისო მედიის ყურადღებასაც მიიქცევენ და რამდენიმე უცხოელი პოლიტიკოსი და დიპლომატი მათ მხარდამჭერ განცხადებებსაც გააკეთებს“,- აღნიშნავს გამოცემა.
როგორც გამოცემა წერს, ,,თავისუფალი ზონის“ ხელმძღვანელი კობა ხაბაზი მოსახლეობის ქუჩაში გამოყვანის პირობასაც დებს.