„ასე იწყება სამოქალაქო ომი... ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფრთხეა...ხელისუფლებას ცოტა მეტი მეხსიერება სჭირდება“

„ასე იწყება სამოქალაქო ომი... ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფრთხეა...ხელისუფლებას ცოტა მეტი მეხსიერება სჭირდება“

ასე იწყება სამოქალაქო ომი, როდესაც ხელისუფლება ვერ ახერხებს სიტუაციის განეიტრალებას. ამის შესახებ „პირველ რადიოს“ ექსპერტმა სოსო ცინცაძემ განუცხადა. მისი თქმით, სამოქალაქო ომი ჯერ მოსალოდნელი არ არის, თუმცა ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფრთხე არსებობს. სოსო ცინცაძე 1990-ან წლებში განვითარებულ მოვლენებსა და სამოქალაქო დაპირისპირებას იხსენებს და დღევანდელ ვითარებასთან პარალელს ავლებს. ექსპერტი ხელისუფლებას მოუწოდებს, „ახლავე მოუღოს ბოლო“ დესტაბილიზაციის ნიშნებს.

„ქვეყანაში დესტაბილიზაციის ნიშნებია, ეს სახეზეა. ეს რეალობაა. აქცია-კონტრაქცია - ასე იწყებოდა ზვიად გამსახურდიას დროს დაპირისპირება, ამიტომ ჩვენს მმართველ პარტიას ცოტა მეტი მეხსიერება სჭირდება და ახლავე უნდა მოუღოს ამას ბოლო, თორემ ზუსტად ასე იწყებოდა მაშინ „კინოს სახლთან“ იკრიბებოდნენ ზვიადის მომხრეები, მოწინააღმდგეები, ჯერ იყო მხოლოდ შეხლა-შემოხლა, მერე იქ იარაღიც გავარდა, ვიღაც დაიჭრა და მერე სამოქალაქო ომი დაიწყო, მაგრამ ამ ეტაპზე საქართველოში ჯერ გამორიცხულია, მაგრამ დესტაბილიზაციის საფრთხე არის, თანაც ყველა შტოებში, იგივე პრეზიდენტ-მთავრობის დაპირისპირება - ესეც დესტაბილიზაციის საფრთხეა. დესტაბილიზაციის საფრთხე ნათლად შეიმჩნევა, მაგრამ სამოქალაქო ომი ჯერ არა, თუმცა ეს არის წინასიტყვაობა. აი, ასე იწყება, როდესაც ხელისუფლება ვერ ახერხებს სიტუაციის განეიტრალებას. ჩვენ მხოლოდ უნდა ვიმედოვნოთ, რომ ჩვენი ხელისუფლება დღეს ადექვატური იქნება ამ მოვლენებისადმი და მოახერხებს განეიტრალებას, თუ ვერ მოახერხა, ძალიან ცუდი იქნება“, - განუცხადა „პირველ რადიოს“ სოსო ცინცაძემ.