საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა შავგულიძე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ თენგო ერისთავთან საუბარს ადასტურებს. ამის შესახებ დეპუტატმა „მაესტროს ცხრიანში" ისაუბრა.
საუბრისას დეპუტატმა აღნიშნა, რომ უცნობი პიროვნება, გვარად ერისთავი, მას მოკლული ლაშა მახარაძის პანაშვიდიდან გამოსვლის შემდეგ გამოელაპარაკა. შავგულიძის თქმით, ერისთავმა მას უთხრა, რომ არსებული ინფორმაციით, პოლიცია, შურისძიების გაგრძელების თავიდან აცილების მიზნით, ნარკოტიკის ან იარაღის ფლობის ბრალდებით მისი და მახარაძის კიდევ ერთი მეგობრის დაკავებას აპირებდა.
დეპუტატმა განაცხადა, რომ მან სავარაუდო შურისძიების გაგრძელების მოტივით დაკავების შესახებ ერისთავის ნათქვამი სარწმუნოდ არ მიიჩნია.
„ვუთხარი კიდეც, რომ არ მგონია და ვერ დავუშვებ, რომ სავარაუდო შურისძიების გაგრძელების გამო პოლიციამ ადამიანი გაწიროს. ისიც ვუთხარი, რომ ჩემთვის ცნობილია შსს-ს ხელმძღვანელობის პოზიცია, პირობითად რომ ვთქვათ, იარაღის, თუ ნარკოტიკის ჩადების შესაძლებლობების კატეგორიულად აკრძალვასთან დაკავშირებით",- აღნიშნა შალვა შავგულიძემ.
შავგულიძე პოლიციის მიერ ერისთავისთვის ნარკოტიკის ჩადების შესაძლებლობას ვერც დაეთანხმა და ვერც უარყო, თუმცა აღნიშნა, რომ მოსალოდნელი შურისძიების გამო თენგო ერისთავის დაკავების მოტივი გარკვეულ ეჭვს იწვევს.
„რამდენადაც ცნობილია, უკვე ბრალდებული დაკავებული იყო და მას შემდეგ დააკავეს ერისთავი, მაგრამ, აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ რადგან თავად ახალგაზდრა მოსალოდნელ დაკავებაზე საუბრობს, მას რეალურადაც რომ ჰქონდეს ნარკოტიკი, საღად მოაზროვნე ადამიანი მოიშორებდა მას. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე ამით ან ვადასტურებ ან უარვყოფ ფაქტს, ამისთვის არის გამოძიება, დაცვის მხარე და სასამართლო",- განაცხადა შავგულიძემ.
შალვა შავგულიძის თქმით, მისთვის მიუღებელია ნარკოტიკის ჩადება და ეს ხელისუფლებაში არსებული პოლიტიკური გუნდის ინტერესებს არ შეესაბამება.