„ნაციონალური მოძრაობა“ ამ შემთხვევაშიც ქვეყნის ინტერესებზე მაღლა საკუთარ პარტიულ და პირად ინტერესებს აყენებს

„ნაციონალური მოძრაობა“ ამ შემთხვევაშიც ქვეყნის ინტერესებზე მაღლა საკუთარ პარტიულ და პირად ინტერესებს აყენებს

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის კომენტირებისას აცხადებს, დოკუმენტში ბევრი პოზიტიური ჩანაწერია, თუმცა ოპონენტები მხოლოდ კრიტიკულ მომენტებზე ამახვილებენ ყურადღებას და ხატავენ აპოკალიფსურ სურათს, რაც მეტი არაფერია, ვიდრე მცდელობა, ჭიქაში ქარიშხალი დაატრიალონ.

„PACE- ს ნებისმიერი რეზოლუცია არის ძირითადად პოლიტიკური პარტიების მიერ გამოხატული პოზიცია, სადაც დელეგატები უპირველესად პარტიულ და ასევე ხშირ შემთხვევაში საკუთარ, პირად პოზიციებს წარმოადგენენ. ამ დოკუმენტში ბევრი პოზიტიური ჩანაწერია, თუმცა ჩვენი ოპონენტები მხოლოდ კრიტიკულ მომენტებზე ამახვილებენ ყურადღებას და ხატავენ აპოკალიფსურ სურათს, რაც მეტი არაფერია, ვიდრე მცდელობა ჭიქაში ქარიშხალი დაატრიალონ. საბრალოდ ჩანს მათი მცდელობა ქვეყნის გარეთ ეძებონ მხარდამჭერები, რადგანაც კარგად იციან, რომ როგორ მინიმუმ იმ საკითხებში, რაც მათი მცდელობით ჩაიწერა რეზოლუციაში ნაცმოძრაობას საზოგადოებაში მინიმალური მხარდაჭერაც აღარ გააჩნიათ. იბადება კითხვა, რატომ უმალავენ ჩვენი ოპონენტები თავისი მჭერმეტყველურ კომენტარებში ხალხს, რომ რეზოლუციაში თვალნათლივ წერია, რომ მიუღებელია დამნაშავის დაუსჯელობა, მათ შორის, განსაკუთრებით თუ დანაშაული ჩადენილია ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების მიერ - იქნება ეს დღევანდელი თუ წინა ხელისუფლების წევრები“, - განაცხადა დეპუტატმა.

მისივე თქმით, რეზოლუცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საპარლამენტო ასამბლეა ითვალისწინებს, რომ მოქალაქეების მიერ ათიათასობით სარჩელი შევიდა ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ციხეებში არასათანადო მოპყრობის, საკუთრების უფლების ხელყოფისა და ძალაუფლების გადამეტების თაობაზე.

„ასამბლეა ამ რეზოლუციით მოგვიწოდებს, რომ ეს საქმეები სრულყოფილად უნდა იქნეს გამოძიებული ქვეყანაში ძალაუფლების დანაწილებისა (იგულისხმება, რომ პროკურატურისა და სასამართლოს კომპეტენციაში ჩარევა არ უნდა მოხდეს) და დამოუკიდებელი სასამართლოს პრინციპის სრული დაცვით. რეზოლუციაში აგრეთვე ნათქვამია, რომ ,,ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩატარებული 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები. აღნიშნული არჩევნებით ქვეყნის ისტორიაში პირველად დაფიქსირდა პოლიტიკური ძალაუფლების მშვიდობიანი, არჩევნების გზით გადაცემა. კარგად ორგანიზებული მმართველი კოალიცია, რომელმაც ძლიერ ოპოზიციასთან ერთად გააძლიერა პარლამენტისა და პარლამენტარიზმის როლი საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში. ევროპის საბჭო მიესალმება ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ფართომასშტაბიან რეფორმებს, მათ შორის საკონსტიტუციო რეფორმას, წინგადადგმულ ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის და სასამართლო სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლების მიერ მედიის სფეროში განხორციელებული რეფორმები წინგადადგმული ნაბიჯია, მედიასთან დაკავშირებული კანონმდებლობა გაუმჯობესდა და თანხვდება საერთაშორისო სტანდარტებს“, - აცხადებს კვაჭანტირაძე.

მისივე თქმით, პოზიტიურად არის შეფასებული თვითმმართველობის შესახებ კანონში ცვლილებები და მერებისა და გამგებლების პირდაპირი არჩევის წესი.

რაც შეეხება კრიტიკას, დეპუტატის თქმით, რეზოლუციაში გარკვეული პუნქტების ჩამატებით და კონკრეტულად ყოფილი მაღალჩინოსნების გვარების ხსენებით და ცვლილებებით კარგად გამოჩნდა, რომ ძირითადად EPP ს წარმომადგენლებმა გამოხატეს სოლიდარობა პარტნიორი პარტიის - „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციების მიმართ და შეეცადნენ სოლიდარობა გამოეხატათ თანაპარტიელებისთვის, რომლებიც ისევ ბევრი მათგანისთვის გასაკვირად მსჯავრდებულთა სკამებზე აღმოჩნდნენ.

„ვინმეს თუ ეს მხარდაჭერა უკვირს, გასაკვირი სწორედ ეს იქნებოდა. თუმცა, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ შემთხვევაშიც ქვეყნის ინტერესებზე მაღლა საკუთარ პარტიულ და პირად ინტერესებს აყენებს და აგრძელებს „პარტიზანულ ბრძოლას“ ხალხისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ“, - განაცხადა კვაჭანტირაძემ.

ამასთან, დეპუტატი ფიქრობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა რეზოლუციის საბოლოო ტექსტს სწორედ აღნიშნული თავსმოხვეული ჩასწორებების გამო მხარი არ დაუჭირეს,  მაინც უნდა ყურადღება მივაქციოთ ამ რეზოლუციას.

„ვიმედოვნოთ, რომ კონკრეტულად ახალაიასთან მიმართებაში სამართლებრივი პროცესი დროში არ გაიწელება. თავსმოხვეულს ამ ჩასწორებებს იმიტომ ვეძახი, რომ რეზოლუციის პირველადი პროექტი სხვაგვარად გამოიყურებოდა, რასაც ჩვენც მხარს ვუჭერდით. უპრეცენდენტო ფაქტია ის, რომ რეზოლუციის საბოლოო პროექტს ხმა თავად საქართველოს საკითხებზე მომხსენებლებმაც კი არ დაუჭირეს მხარი, ისევე როგორც რეზოლუციის საბოლოო ტექსტს მხარი მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარემაც არ დაუჭირა. არადა, ეს სწორედ ის ადამიანები არიან ვინც ასამბლეის დელეგატათა შორის ყველაზე კარგად არიან ინფორმირებულები საქართველოში მიმდინარე ყველა პროცესის შესახებ. ერთი სიტყვით, წავიკითხოთ, გავაანაოიზოთ ყველა მომენტი და გავიზიაროთ ყველა ის რეკომენდაცია, რისი გაზიარებაც შეიძლება და რაც უპასუხებს საქართველოს ხალხის და სახელმწიფოს ინტერესებს და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, გავაძლიეროთ თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან და ჩვენი ქვეყნის მეგობრებთან, მიუხედავად მათი პოლიტიკური ინტერესებისა და კიდევ უფრო გამჭვირვალე გავხადოთ ყველა პროცესი, რომლის მიმართაც შეიძლება ნებისმიერი შეკითხვა გაჩნდეს“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის  დეპუტატი.