თბილისში მალე შესაძლოა ავტობუსების მწარმოებელი ქარხანა აშენდეს. ამასთან დაკავშირებით საკუთარი წინადადება დღეს კომპანია "ა.ს ჯგუფი 1990"-ის დირექტორმა ავთანდილ საყვარელიძემ საკრებულოს ურბანული დაგეგმარების კომისიის სხდომაზე წარადგინა. საყვარელიძის თქმით, ქარხანა ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიაზე აშენდება, რაშიც 30 მილიონიანი ინვესტიციის ჩადებას ჩინური კომპანია "გოლდენ დრაგონი" "ა.ს. ჯგუფი 1990" –ის მეშვეობით გეგმავს.
"განხორციელდება 30 მლნ დოლარზე მეტი ინვესტირება, დასაქმდება 1500 ადამიანი. გამოვა მსოფლიოში უმაღლესი სერტიფიკატებით აღჭურვილი ავტობუსი, რომელიც გაიყიდება როგორც საექსპორტოდ, ისე შიდა ბაზარზე", - აცხადებს საყვარელიძე.
საყვარელიძის ინიციატივა კომისიის თავმჯდომარემ დადებითად შეაფასა. "კომისიამ იმსჯელა ამ საკითხზე და დადებითი რეკომენდაცია მისცა. თუ გამოცხადდება ტენდერი, საერთო მოთხოვნები იქნება ყველას მიმართ, რაც ამ მომენტში უნდა დედაქალაქს. ეს არის გამართული ავტობუსები, ზამთარში გათბობით, ზაფხულში კონდიცირებით და შშმ პირებისთვის ადაპტირებული", - აღნიშნა გოჩა ბაბუნაშვილმა.
კომისიის სხდომას ესწრებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც. სევდია უგრეხელიძე არ გამორიცხავს, რომ თბილისის ავტოპარკის განახლებისას სატენდერო პირობები "გოლდენ დრაგონზე" იყოს მორგებული. "გვიყენებდნენ პრეტენზიას, რომ ჩვენი სატენდერო პირობები მორგებული იყო პოლონური კომპანიის ინტერსებს, ახლა ჩვენ შეგვიძლია იგივე ვთქვათ, რომ თუ ახალი პირობები იქნება მორგებული "გოლდენ დრაგონის" მონაცემებზე, იგივე სიტუაციასთან გვექნება საქმე, რომ აუცილებლად იმ კომპანიამ უნდა გაიმარჯვოს", - აღნიშნა უგრეხელიძემ.