თვითმმართველობებში კონკურსის ჩატარების ვადები შეიძლება გადაიწიოს

თვითმმართველობებში კონკურსის ჩატარების ვადები შეიძლება გადაიწიოს

თვითმმართველობებში კონკურსის ჩატარების ვადები შეიძლება გადაიწიოს. პლენარულ სხდომაზე დღეს პირველი მოსმენით ,,საჯარო სამსახურების შესახებ" კანონში ცვლილებებს განიხილავენ, რომლის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის იმ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს, კონკურსი 31 ოქტომბრის ნაცვლად 31 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება.

კონკურსის მომზადება გარკვეულ ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელებასთან არის დაკავშირებული. კერძოდ, მუნიციპალიტეტებმა უნდა დაასრულონ შიდა სტრუქტურის ჩამოყალიბება და ყველა თანამდებობისათვის დაამტკიცოს საკვალიფიკაციო მოთხოვნები. გარდა ამისა, პროცესის გახანგრძლივების მიზეზად, კონკურსანტთა დიდი რაოდენობა და კონკურსისათვის ტესტების მომზადება სახელდება.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კონკურსის დროულად ჩატარებას ხელი შეუშალა რამდენიმე მუნიციპალიტეტში არჩევნების მეორე ტურის ჩატარებამ და 14 ახალი მუნიციპალიტეტის შექმნამ.

ტესტირებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, იუსტიციის სასწავლო ცენტრთან ერთად განახორციელებს. ხოლო საბუთების გადარჩევას და კონკურსანტთან გასაუბრებას მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.