"ადამიანი, რომელიც არის ბრალდებული ასეთ მძიმე დანაშაულებში, წინასწარ პატიმრობაში უნდა იყოს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას შესახებ წინასწარი პატიმრობაში დაყოვნების შესახებ გაკეთებული ჩანაწერის კომენტირებისას განაცხადა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს რეზულუცია არის "პარტიების რეზოლუცია" და ოპოზიცია ხატავს სურათს, თითქოს ეს არის ევროპის საბჭოს მოწოდება.
"მე კიდევ გიმეორებთ, არც ერთ პროცესს არ დაუტევებია პასუხგაუცემელი კითხვა. თუნდაც ახალაიას საქმეში პროკურატურა არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, გამჭვივალედ მიმდინარეობს გამოძიება და მე შეგახსენებთ, რომ ახალაია არის ბრალდებული ისეთ მძიმე დანაშაულებში, როგორიცაა ადამიანის წამება და არა მხოლოდ ეგ საქმე. ეს არის მსოფლიო სტანდარტი და მე ამაზე პასუხისმგებელი ვარ, რომ როდესაც ადამიანი არის ბრალდებული ასეთ მძიმე დანაშაულებში, ის უნდა იყოს წინასწარ პატიმრობაში და ეს არ არის მხოლოდ ერთი საქმე. აქვე შეგახსენებთ, რომ ახალაიას დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში მიესაჯა პატიმრობა, უბრალოდ ის შეიწყალა სააკაშვილმა. ასე რომ, ეს ჩანაწერი – 9 თვე, გადაცდა, არ გადაცდა _ რა თქმა უნდა, ეს არის ისევ "ნაციონალური მოძრაობის" მცდელობა და EPP-ის სოლიდარობა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.