რეზოლუციას ვინც ხმა მისცა, ცოტა ხნით მაინც უნდა ეცხოვრათ სააკაშვილისა და ახალაიას საქართველოში!

რეზოლუციას ვინც ხმა მისცა, ცოტა ხნით მაინც უნდა ეცხოვრათ სააკაშვილისა და ახალაიას საქართველოში!

„ვინც ევროსაბჭოს რეზოლუციას ხმა მისცა, ცოტა ხანი მაინც უნდა ეცხოვრათ სააკაშვილის და ახალაიას საქართველოში, რადგან უფრო რეალისტური სურათი შეექმნებოდათ", - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის წევრმა ვიქტორ დოლიძემ „რეპორტიორთან" საუბრისას გაკეთა.

ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის იმ პუნქტებს, რომელიც ბაჩო ახალაიასა და მიხეილ სააკაშვილს ეხებათ, ვიქტორ დოლიძე არ ეთანხმება. როგორც დოლიძე ამბობს, ხელისუფლებას ბევრი მუშაობა მოუწევს იმის დასამტკიცებლად, რომ რეზოლუციაში ჩაწერილი რამდენიმე პუნქტი რეალობასთან ახლოს არაა.

„ევროსაბჭოს რეზოლუციაში ბევრი პუნქტია, რომელიც პროგრესზე მეტყველებს სხვადასხვა მიმართულებით; მათ შორისაა: დემოკრატიული პროცესების განვითარება, პარლამენტის როლის გაძლიერება, არჩევნები და ა.შ. რაც შეეხება, ორ პუნქტს სააკაშვილთან და ახალაიასთან მიმართებაში, ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ვერ დავეთანხმები. ეს რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ იმ მხრივ, რომ ის პროცესები, რაც დაწყებულია, უნდა დასრულდეს რაც შეიძლება დროზე, რომ ყველაფერს პასუხები გაეცეს. უდანაშაულობის პრეზუმფციას ვერ დავარღვევ, მაგრამ ახალაია რომ დამნაშავეა, ეს ყველამ იცის.  რაკი ასეა, ჩვენ ალბათ უფრო დროულად უნდა გამოვიძიოთ და სასამართლომ გადაწყვიტოს ეს თემა. რაც შეიძლება დროულად უნდა მივიყვანოთ ყველა გამოძიება ბოლომდე", - განუცხადა „რეპორტიორს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.