კატერინა ბოლონეზე საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე რეზოლუციის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე ამახვილებს ყურადღებას.
ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრესრელიზის მიხედვით, დებატების მიმდინარეობისას, ასამბლეა მიესალმა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის პროცესს, რომელიც საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განხორციელდა, პოლარიზებული გარემოს და დაძაბულობის მიუხედავად.
როგორც კატერინა ბოლონეზემ "პირWელის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა, გამოქვეყნებული ტექსტის თანახმად, საპარლამენტო ასამბელის თანამომხსენებლებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ ძლიერი ოპოზიციის, ასევე კარგად ორგანიზებული მმართველი კოალიციის ყოფნა პარლამენტის როლს აძლიერებს".
მისივე თქმით, დამტკიცებული რეზოლუცია ასევე მიესალმება ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებს, მათ შორის საკონსტიტუციო რეფორმას, ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომ განვითარებას და იმას, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა იქნება გარანტირებული.
ელჩის განმარტებით, დოკუმენტის ტექსტი ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ გამოძიება და ყოფილი მაღალჩინოსნების სისხლის სამართლებრივი დევნა - რომელიც ეფუძნება ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მათ მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებულ ბრალდებებს, მიმდინარეობს მიუკერძოებლად და სამართლიანი სასამართლოს პრინციპების შესაბამისად, რომელსაც ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია ითვალისწინებს".
ბოლონეზეს თქმით, როგორც რეზოლუციაშია ნათქვამი, პარლამენტარებმა ასევე გამოხატეს შეშფოთება წინასწარი პატიმრობის ფართოდ გავრცელებასთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ ის არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის.
"ანგარიშში ნათქვამია, რომ ქვეყანამ უნდა დაძლიოს ანტაგონიზმი, პოლარიზაცია და შურისძიების გრძნობა, რათა დემოკრატიული განვითარება განაგრძოს",-განაცხადა ბოლონეზემ.