2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო სხდომების ფორმატში განხილვის გრაფიკზე პარლამენტის ბიურო ვერ შეთანხმდა.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის და მასთან ერთად, რამდენიმე კანონში შესატანი ცვლილებების ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განხორციელდა. საბიუჯეტო პაკეტთან ერთად, ბიუროს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ მომზადებული საკომიტეტო განხილვების გრაფიკიც წარედგინა, რომლის მიხედვით, ბიუჯეტის განხლვის პირველი ეტაპი კომიტეტებში 7 ოქტომბრიდან იწყება, ხოლო დასკვნით სხდომას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტი კომიტეტი 20 ოქტომბერს ატარებს. ამის შემდეგ უბრუნდება მთავრობას ბიუჯეტის პროექტი პარლამენტის შენიშვნებთან ერთად.
როგორც ბიუროს წევრებმა აღნიშნეს, ბიუჯეტის პროექტის გარდა, თანდართული საკონონმდებლო ცვლილებები საკმაოდ მოცულობითია, ითხოვს სერიოზულ განხილვებს, რაც შემოთავაზებულ ვადებში ვერ მოეწრება.
ბიუროს წევრები განხილვის გრაფიკთან დაკავშირებით შიდა კონსულტაციას მართავენ, რის შემდეგაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბიუროს სხდომაზე დღეს კიდევ ეთხელ შეიკრიბებიან და გრაფიკს დაამტკიცებენ.
საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობის, უმცირესობის შენიშვნებით და წინადადებებით მთავრობას უკან 22 ოქტომბრამდე უნდა დაუბრუნდეს. მთავრობამ ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტს ხელმეორედ 5 ნოემბრამდე უნდა წარუდგინოს. ამის შემდეგ კი, ბიუჯეტის განხილვის პროცესი პარლამენტის პლენარული სხდომის ფორმატში გაგრძელდება. პლენარულ სხდომაზე გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები მთავრობას 15 ნოემბრამდე გადაეგზავნება.
ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს მთავრობა პარლამენტს 30 ნოემბრამდე წარუდგენს. თავის მხრივ, პარლამენტმა მომავლი წლის ბიუჯეტი არა უგვიანეს დეკემბრის მესამე პარასკევს უნდა დაამტკიცოს.
სახელმწიფო ბიუჯეტი ერთი მოსმენით, პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მტკიცდება.