ზურა კიწმარიშვილი დაზარალებულის უფლებამონაცვლედ არ ცნეს, თუმცა მასალების გაცნობის საშუალება მიეცა

ზურა კიწმარიშვილი დაზარალებულის უფლებამონაცვლედ არ ცნეს, თუმცა მასალების გაცნობის საშუალება მიეცა

საქართველოს პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის ძმის ზურაბ კიწმარიშვილის მოთხოვნა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობის ნაწილში არ დააკმაყოფილა.

“2014 წლის 29 სექტემბერს თბილისის პროკურატურას მიმართა ეროსი კიწმარიშვილის ძმამ ზურაბ კიწმარიშვილმა შუამდგომლობით დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობისა და საქმის მასალების გაცნობის შესახებ.  გვსურს საზოგადოებას გავაცნოთ პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოცემულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით: მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს დაზარალებულის უფლებამონაცვლედ პირის ცნობის ორ წინაპირობას: 1) ახლო ნათესაური კავშირი გარდაცვლილთან და 2) გარდაცვლილის მიმართ მესამე პირის მიერ დანაშაულის ჩადენას. შესაბამისად, პირის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობისათვის აუცილებელია დანაშაულის ჩადენის ფაქტის დადგენა, რის გარეშეც კანონი პირის დაზარალებულად ცნობის შესაძლებლობას  არ ითვალისწინებს. გამოძიების ამ ეტაპზე საქმეზე მოპოვებული ასეულობით მოწმეთა ჩვენებებზე, დოკუმენტაციაზე, ვიდეოჩანაწერებზე, ნივთიერ მტკიცებულებებზე და ათეულობით ექსპერტიზის დასკვნებზე დაყრდნობით არ არის გამოკვეთილი რაიმე გარემოება, რაც მოგვცემდა საფუძველს დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალება გამოწვეულია სხვა პირის დანაშაულებრივი ქმედებით. შესაბამისად, ამ ეტაპისთვის არ არსებობს კანონით გათვალისწინებული საფუძველი ზურაბ კიწმარიშვილის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობისათვის, რის გამოც მისი მოთხოვნა ამ ნაწილში ვერ დაკმაყოფილდება. აღნიშნული კანონით დადგენილ ვადაში განემარტა გარდაცვლილის ძმას ზურაბ კიწმარიშვილს”, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, საგამოძიებო უწყებამ გამოიჩინა კეთილი ნება და ზურა კიწმარიშვილს, ადვოკატსა და საქმეში ჩართულ ექსპერტებს საქმის მასალების სრულიად გაცნობის შესაძლებლობა მიეცათ

“პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის და საზოგადოების  მაღალი ინტერესის გათვალისწინებით და გამოძიების მიმდინარეობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, პროკურატურამ გამოიჩინა კეთილი ნება და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ე.კიწმარიშვილის ძმას ზურაბ კიწმარიშვილს მიეცეს საქმის მასალების სრულად გაცნობის შესაძლებლობა, რითაც მისთვის ფაქტობრივად უზრუნველყოფილი იქნება საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაზარალებულის უფლებები. საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა ექნებათ ასევე ზურაბ კიწმარიშვილის ადვოკატს და ასევე მის მიერ მოწვეულ დამოუკიდებელ ექსპერტებს”, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე და მიმდინარე ყველა ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, გეგმავს, რომ უახლოეს მომავალში საქმის მასალებისა და გამოძიების შედეგების გასაჯაროება მოახდინოს.