ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელი ბორის სილევიჩი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე რეკომენდაციაზე განმარტებას აკეთებს.
სილევიჩის განცხადებით, მისთვის უმრავლესობის წევრების არგუმენტები იმის შესახებ, რომ ბაჩო ახალაიას გირაოთი გათავისუფლება შესაძლოა, საფრთხეებს შეიცავდეს, გასაგებია, თუმცა ამ რეკომენდაციის შესასრულებლად სხვა გზა არსებობს.
„ჩვენ მოვისმინეთ უმრავლესობის წარმომადგენელთა განცხადებები, რომ კანონი ითვალისწინებს ან წინასწარ პატიმრობას ან გირაოს, გირაოთი გამოშვება კი სარისკო იქნებოდა, მაგრამ ჩვენი პოზიცია ასეთია - შესაძლოა, ეს საქართველოს კანონმდებლობის პრობლემა იყოს. ევროსაბჭოს სხვა წევრი ქვეყნების კანონმდებლობა აღკვეთის სხვაგვარ ღონისძიებებსაც ითვალისწინებს“,-განაცხადა სილევიჩმა.
ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს ახალაიას წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ხანგრძლივობის გამო და მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოიყენოს ყველა სახის სამართლებრივი საშუალება აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თვალსაზრისით.