მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობიდან გადადგომა და ერთი პარტიიდან მეორეში გადასვლა დემოკრატიული პროცესის ნაწილია, მიუღებელია , თუ ეს იძულების წესით ხდება, - ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ გუშინ მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი.
ასამბლეა "სერიოზულად შეშფოთებულია სანდო ინფორმაციებით", რომ ამ ცვლილებების უმრავლესობა "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებზე მმართველი კოალიციის მხარდამჭერთა ზეწოლის შედეგად განხორციელდა.
ასამბლეა ასევე შეშფოთებულია "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კამპანიების ძალადობრივი ჩაშლით, სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა მხრიდან ისევე, როგორც ცნობებით იმის შესახებ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ბევრმა ოპოზიციურმა კანდიდატმა, მათ შორის უმრავლესობამ "ნაციონალური მოძრაობიდან" საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, თითქოსდა ხელისუფლების ზეწოლის შედეგად.
"დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეთ ქმედებებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ხელისუფლებამ სწრაფი და ეფექტური ზომები უნდა გაატაროს მსგავსი ქმედებების დაუყოვნებელი აღკვეთისთვის და სიტუაციის გამოსასწორებლად, სადაც საჭიროა. მმართველი უმრავლესობის ლიდერებმა მკაფიო და ცალსახა სიგნალი უნდა გაუგზავნონ თავიანთ მხარდამჭერებს, რომ დაუშვებელი იქნება ნებისმიერი ზეწოლა ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე და ოპოზიციის პოლიტიკური აქტივობების ჩაშლა", - ნათქვამია რეზოლუციაში.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე ასამბლეის მიერ დამტკიცებული საქართველოს შესახებ რეზოლუცია დღეს გამოქვეყნდა.