ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება და სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია, ადგილი აქვს შერჩევით და რევანშისტულ სამართალს. აღნიშნულ საკითხზე გუშინ მიღებულ რეზოლუციაშია საუბარი.
ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს, რომ ყოფილი მთავრობის წევრების საქმეებზე გამოძიება და დევნა ხორციელდებოდეს მიუკერძოებლად, გამჭვირვალედ და სამართლიანი სასამართლოს პრინციპების სრული დაცვით, როგორც ეს გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციაში.
"ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ დანაშაული დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, მათ შორის და განსაკუთრებით მთავრობის პირებისა და პოლიტიკოსების მიერ ჩადენილი, იქნება ეს წარსულში, თუ ახლა. ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ ყოფილი მთავრობის წევრების საქმეებზე გამოძიება და დევნა ხორციელდებოდეს მიუკერძოებლად, გამჭვირვალედ და სამართლიანი სასამართლოს პრინციპების სრული დაცვით, როგორც ეს გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციაში. ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ ადგილი არ უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ შერჩევით და პოლიტიკურად მოტივირებულ სამართალს, არამედ ნათელი უნდა იყოს, რომ ეს არ ხდება. ასამბლეა აღნიშნავს ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილისთვის წაყენებულ ბრალდებებს და მართალია, ხაზს უსვამს, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა, მოუწოდებს ხელისუფლებას ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური კლიმატის გათვალისწინებით, უზრუნველყოს, რომ სამართლებრივი ქმედებები, მათ შორის წინასწარი პატიმრობის მოთხოვნა სააკაშვილის წინააღმდეგ არ იყოს პოლიტიკური მოტივების ზეგავლენის ქვეშ", - ნათქვამია რეზოლუციაში.
ასამბლეა ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად და გამჭვირვალედ გამოიძიოს ამ საქმეებთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოებისა და პროკურატურის არასათანადო ქცევის ნებისმიერი ბრალდება.
"ითვალისწინებს რა, ამ სამართლებრივი დევნების გამო შექმნილ დაძაბულ პოლიტიკურ გარემოს, ასამბლეა მიესალმება ხელისუფლების შეთავაზებას შესაძლო ამნისტიასთან დაკავშირებით, ყოფილი მთავრობის პირების მიერ ჩადენილი სერიოზული დანაშაულების გარდა. ასამბლეა ასევე შეშფოთებას გამოხატავს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ბაჩო ახალაიას წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობის გამო და სთხოვს ხელისუფლებას, გამოიყენოს ყველა არსებული სამართლებრივი შესაძლებლობა, შეცვალოს მისი წინასწარი პატიმრობა რომელიმე სხვა არასაპატიმრო პრევენციური ღონისძიებით", - ნათქვამია რეზოლუციაში.
როგორც რეზოლუციის ტექსტშია აღნიშნული, ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დემოკრატიული განვითარების კუთხით, მიუხედავად იმისა, რომ ეს დაჩრდილა ყოფილი მმართველი პარტიის თითქმის ყველა ლიდერისა და ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებებმა და სამართლებრივმა დევნამ, რაც ბადებს კითხვებს მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებასთან დაკავშირებით.
ასამბლეა ასევე ხაზს უსვამს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საჯარო სამსახურის მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ პრაქტიკა, როდესაც საჯარო მოხელეების სამსახურში აყვანა და გათავისუფლება ხდება მათი პარტიული კუთვნილების საფუძველზე, როგორც წინა, ისევე მოქმედი ხელისუფლების დროს, ეწინააღმდეგება ამ პრინციპებს და უნდა შეჩერდეს.