"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თედო ჯაფარიძის განცხადებას ეხმაურება.
ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ ჯაფარიძის განცხადება, რომლის თანახმად, საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის შესრულება სავალდებულო არ არის, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ზიანს აყენებს.
"მსურს, საზოგადოებას შევახსენო, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, თავისი 1633, 1647 და 1683 რეზოლუციებით, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოში სამხედრო აგრესიისა და დღესაც მიმდინარე ოკუპაციას ეხება, რუსეთს ავალდებულებს, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
თუ ჩვენვე ვიტყვით (როგორც ამას ბატონი თედო ჯაფარიძე აკეთებს თავისი ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე), რომ ასამბლეის რეზოლუციების შესრულება სავალდებულო არაა, მაშინ რუსეთს ვაძლევთ დამატებით არგუმენტს, რომ არ შეასრულოს ზემოთნახსენები რეზოლუციები. უფრო მეტიც, ამ განცხადებით საქართველო თავად ემსგავსება პუტინის რუსეთს და იანუკოვიჩის უკრაინას", - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
ამასთან, მისივე თქმით, რეზოლუციას მრავალპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა.
"მხარდამჭერი დეპუტატები განსხვავდებიან პარტიული კუთვნილებით და მათში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტნიორი EPP-ს (ევროპის სახალხო პარტიის) დეპუტაციის გარდა არიან "სოციალისტები" და "ლიბერალები". სხვათა შორის, "ლიბერალებში" (ALDE) გაწევრიანებულნი არიან უსუფაშვილის "რესპუბლიკელები" და ალასანიას "თავისუფალი დემოკარტები", - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.