ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს შეამციროს ვადა, რომლის მიხედვითაც მოსამართლეები თავდაპირველად სამწლიანი გამოსაცდელი პერიოდით უნდა დაინიშნონ.
ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაშია ნათქვამი, რომელიც ორგანიზაციამ გუშინ მიიღო.
"ასამბლეა მოუწოდებს პარლამენტს, შესამჩნევად შეამციროს სამწლიანი გამოსაცდელი პერიოდი მოსამართლეებისთვის, რომლებიც უვადოდ უნდა დაინიშნონ, რათა შესაბამისობაში მოვიდეს ევროპული სტანდარტები", - ნათქვამია რეზოლუციაში.
ამასთან, ასამბლეა კიდევ ერთხელ ახსენებს ხელისუფლებას საკუთარ შეშფოთებას საქართველოში მართლმსაჯულებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.
ასამბლეა მიესალმება ყოვლისმომცველი რეფორმების პაკეტის მიღებას სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემისთვის, რომლის მიზანიც სასამართლო სისტემის ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაა. ასევე მიესალმება ნიშნებს, რომ სასამართლო ახლა უფრო დამოუკიდებლად მუშაობს. თუმცა, აღნიშნავს, რომ ზოგიერთი სენსიტიური სასამართლო საქმის სამართალწარმოებისას, მათ შორის ხელისუფლების ყოფილი წევრების მიმართ, გამოვლინდა ხარვეზები, რომელიც უნდა გადაიჭრას. მეტიც, ასამბლეა წუხილით აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტმა ვერ მიაღწია კონსესუსს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ექვსი წევრის არჩევისას. ამიტომ "საჭიროა სასამართლო სისტემის, მათ შორის პროკურატურის შემდგომი რეფორმების გატარება".
ასამბლეა ასევე მოუწოდებს პარლამენტს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონში ცვლილებების შეტანისკენ ასეთი დანაშაულებებისთვის შესაძლო თავისუფლების აღკვეთის აცილების მიზნით.
"ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში წინასწარი პატიმრობის ფართოდ გამოყენებასთან დაკავშირებით. ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ პატიმრობა გამოყენებული უნდა იყოს, როგორც უკიდურესი ზომა, როდესაც არსებობს აშკარა მიმალვის, მართლმსაჯულების საქმიანობაში ჩარევის მცდელობა ან სერიოზული რისკი, რომ პიროვნება ჩაიდენს სერიოზულ დანაშაულს ან საფრთხეს უქმნის საზოგადოებს წესრიგს და ეს არ უნდა იქნას გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის. ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას მიიღოს მკაფიო ინსტრუქციები პროკურატურასა და სასამართლოებისთვის, რათა უზრუნველყოს ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-5 მუხლის მოთხოვნების სრული დაცვა და მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციებთან სრული თავსებადობა წინასწარი პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით.
ასამბლეა გამოხატავს შეშფოთებას ოპოზიციონერებისა და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა ოჯახის წევრების საკუთრების დაყადაღების ფართო გამოყენებასთან დაკავშირებით ისეთი სისხლის სამართლის საქმეებში, რომლებიც არ შეიცავს ბრალდებებს უკანონო ქმედებასთან დაკავშირებით. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად განახორციელოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დებულება მოწმეთა ჩვენებებისა და ნაფიცმსაჯულთა შესახებ", - ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.