ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ხელი მოაწეროს რეგიონული ან უმცირესობათა ენების ევროპულ ქარტიას , - ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ დამტკიცებულ რეზოლუციაშია აღნიშნული.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მოახდინოს რატიფიცირება და ხელი მოაწეროს რეგიონული ან უმცირესობათა ენების ევროპულ ქარტიას, რომელიც ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების დროს აღებული ვალდებულებაა.
რეზოლუციის ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ შეშფოთებას იწვევს ქართულ საზოგადოებაში უმცირესობების წინააღმდეგ შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციული ქმედებების მატება, განსაკუთრებით სექსუალური და რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ.
"ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს უმცირესობების წინააღმდეგ ჩადენილი სიძულვილის დანაშაულის ეფექტური გამოძიების ნაკლებობასთან დაკავშირებით. ხელისუფლებამ მკაფიოდ უნდა განმარტოს, რომ ასეთი ქმედება არ იქნება შეწყნარებული და ძალადობრივი და დისკრიმინაციული ქმედებების ჩამდენი ნებისმიერი დამნაშავე დაისჯება. ყველა დაინტერესებულმა მხარემ, განსაკუთრებით პოლიტიკური პარტიებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლებმა, რომლებიც ქართულ საზოგადოებაში მაღალი მორალური ნდობით სარგებლობენ, თავი უნდა შეიკავონ განხეთქილების ენისა და ქმედებების გამოყენებისგან, რომელმაც შესაძლოა უბიძგოს უმცირესობების მიმართ შეუწყნარებლობისა და ვითარების გაუარესებისკენ. ასამბლეა მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ მაისში მიღებულ ადამიანის უფლებების სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას", - ნათქვამია რეზოლუციაში.