ევროსაბჭოს რეზოლუციის შეცვლის თაობაზე ღარიბაშვილის განცხადება არასწორად იქნა გაგებული

ევროსაბჭოს რეზოლუციის შეცვლის თაობაზე ღარიბაშვილის განცხადება არასწორად იქნა გაგებული

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ეკა ბესელიას მტკიცებით, ევროსაბჭოს მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის შეცვლის თაობაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება არასწორად იქნა გაგებული.

როგორც ეკა ბესელიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, პრემიერმა სხვა რამ იგულისხმა.

"პრემიერის განცხადება არასწორად იქნა გაგებული, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია კი შემდეგ გიორგი კანდელაკმა აიღო და სესიაზე გააკეთა განცხადება, საქართველოს მთავრობის მეთაური ერევა ევროსაბჭოს საქმიანობაშიო. ეს იყო ჩვენი ოპონენტის კომიკური და სამარცხვინო საქციელი. თურმე პრემიერს უფლება არ აქვს პოლიტიკური განცხადება გააკეთოს, როცა პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა აბსოლუტურად სწორი განმარტება, როცა თქვა, რომ რეზოლუციის პროექტი შეიცვალა. ის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე მართლაც შეიცვალა – პროექტში კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე არ იყო ჩანაწერები და მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე, სადაც უმრავლესობას ევროპის სახალხო პარტიის წევრები წარმოადგენდნენ, ეს დამატებები შევიდა. პრემიერმა რეზოლუციის პროექტის შეცვლაში სწორედ ეს იგულისხმა, კანდელაკმა კი პრემიერის პოზიცია არასწორად გაახმოვანა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

რაც შეეხება უშუალოდ საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციას, დეპუტატის განმარტებით, ის სარეკომენდაციო ხასიათისაა.

"რეზოლუცია არის სარეკომენდაციო ხასიათის. არც ერთ კონკრეტულ საქმეზე არ არის ნათქვამი, რომ ვინმე ან უნდა გათავისუფლდეს, ან უნდა გამართლეს - ამის უფლება არ აქვს საპარლამენტო ასამბლეას. მეტიც, ის ძალიან მკაცრად იცავს პრინციპს, რომ არ შეიძლევა სასამართლო პროცესში ჩარევა. განმარტებებიც გააკეთეს სესიაზე, რომ ეს ნიშნავს მხოლოდ ზოგად პრინციპზე მითითებას, რომ ყველა საქმე წარიმართოს მიუკერძოებლად და არ იყოს გამოყენებული ხანგრძლივი წინასწარი პატიმრობის ვადები. კონკრეტულ საქმეებზე კონკრეტული მითითება არ ყოფილა", - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რომელიც ევროსაბჭოში ქართულ დელეგაციას წარმოადგენს.

მისივე შეფასებით, მთლიანობაში რეზოლუციაში დადებითადაა შეფასებული მთავრობის და ცალკეული ინსტიტუტების საქმიანობა.

გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს მომხსენებლების მიერ მომზადებული რეზოლუციის ის ტექსტი, რომელშიც ყოფილი მაღალჩინოსნების პოლიტიკურ დევანაზეა საუბარი, შეიცვალა.

ღარიბაშვილი რეზოლუციაში ამ ტიპის ჩანაწრის დაფიქსირების მცდელობას "ნაციონალური მოძრაობის" აქტიურობას უკავშირებდა.

"ჩემი ინფორმაციით, ეს რეზოლუცია შეიცვალა. იცით, რომ ჩვენი საპარლამენტო უმრავლესობა იქ არის წარმოდგენილი. მიმაჩნია, რომ ჩვენი დელეგაცია ყველა კითხვას გასცემს პასუხს, რომელიც არსებობს, მაგრამ ასევე ძალიან აქტიურობენ "ნაციონალური მოძრაობა" და მისი მთავარი დასაყრდენი პოლიტიკური ძალა - "ევროპის სახალხო პარტია", თუმცა იმედი მაქვს, რომ "ნაციონალური მოძრობის" ჭორებს და უცნაურ ბრალდებებს არ გაითვალისწინებენ. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საქართველოში არის სხვა რეალობა და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მმართველი ძალა ამ რეალობის წარმოჩენას შეძლებს", - განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ ჟურნალისტებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესები ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობს და "არაფერი დასამალი არ აქვთ".

"კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო - დღეს არავინ დგას კანონზე მაღლა და არავინ იდგება. სწორედ ამიტომ ჩვენ უზრუნველვყოფთ კანონის უზენაესობას", - აღნიშნა გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.