გიორგი ვოლსკი ვერ აკონკრეტებს, დაუჭერს თუ არა პარლამენტი მხარს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად წარდგენილ კანდიდატებს

გიორგი ვოლსკი ვერ აკონკრეტებს, დაუჭერს თუ არა პარლამენტი მხარს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად წარდგენილ კანდიდატებს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი ვერ აკონკრეტებს, ამჯერად მაინც დაუჭერს თუ არა პარლამენტი მხარს პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად წარდგენილ კანდიდატებს. 

როგორც ამ თემასთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსს" დეპუტატმა განუცხადა, საჭიროა წარმოდგენილი კანდიდატების ბიოგრაფიების შესწავლა. სწორედ ამას ასახელებს ვოლსკი იმის მიზეზად, როცა რამდენიმე თვის წინ პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული კანდიდატები ჩააგდო. ვოლსკის თქმით, უმრავლესობა მზად არ იყო გადაწყვეტილების მისაღებად. 

"წარმოდგენილი კანდიდატების საკითხი უკეთ იყო შესასწავლი და განსახილველი. ვფიქრობ, ამჯერად მოხდება განხილვა. ბიოგრაფიების შესასწავლად მხოლოდ ფურცელზე დაწერილი ბიოგრაფიის გაცნობა არ არის საკმარისი. აქედან გამომდინარე, საჭიროა მეტი მსჯელობა", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.