რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერს რაულ ხაჯიმბას "აფხაზეთის დამოუკიდებლობის დღეს" ულოცავს, რომელსაც რეჟიმი 30 სექტემბერს აღნიშნავს. ამის შესახებ "აპსნიპრესი" იუწყება.
"გულითადად გილოცავთ აფხაზეთის დამოუკიდებლობის დღეს. ეს დღესასწაული განასახიერებს მამაცობას, მდგრადობის, თავისუფალი და მშვიდობიანი ცხოვრების უფლებას. რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობა, რომელიც მეგობრობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციაზე, ურთიერთდახმარებასა და კეთილმეზობლობაზეა დამყარებული, პოზიტიური მხრიდან ვითარდება. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალებით უზრუნველვყოფთ ურთიერთსასარგებლო ორმხრივი თანამშრომლობის მთელ კომპლექსს. ეს სრულიად შეესაბამება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა ინტერესებს და ჯდება რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერების კალაპოტში", - ნათქვამია ხაჯიმბასადმი პუტინის მისალოც წერილში, რომელშიც ის მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელს მშვიდობას, ჯანმრთელობასა და აყვავებას უსურვებს.
თავის მხრივ რაულ ხაჯიმბა პუტინს დამოუკიდებლობის მილოცვისთვის მადლობას უხდის. "რუსეთთან თანამშრომლობას განვიხილავთ, როგორც მთავარ გარანტიას რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად და ჩვენი ხალხის თანაბარუფლებიანი განვითარებისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა დინამიურიად განვითარდება რუსი და აფხაზი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით", - ნათქვამია ხაჯიმბას სამადლობელ წერილში.