მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში "ევროკავშირი, სამეზობლო და მის ფარგლებს მიღმა". ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება საქართველოს ისტორიულ ევროპულ არჩევანზე გაამახვილა და ამ მხრივ მიღწეულ წარმატებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმება ამ მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ პროგრესი გაგრძელდეს და მიაღწიოს საბოლოო შედეგს - გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.
"ეს განვითარების საინტერესო შესაძლებლობებს მისცემს არა მარტო ჩვენს ქვეყანას, არამედ მთელ რეგიონს - კავკასიის რეგიონს, კასპიის ზღვის რეგიონსა და შავი ზღვის რეგიონს. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციით, ჩვენ ასევე მივიღებთ დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერების შესაძლებლობას, უფრო სტაბილურ ეკონომიკას. თუმცა ეს ორმხრივი სარგებელია, რადგან, თავის მხრივ, ევროკავშირი საქართველოს სახით მიიღებს ქვეყანას, რომელიც არის კარიბჭე კასპიის ზღვისაკენ, აზიის საინტერესო ბაზრებისკენ; რომელსაც აქვს მეტად მოქნილი, ლიბერალური საგადასახადო სისტემა ბიზნესისთვის. ეს არის ქვეყანა, რომელიც ახალ ინფრასტრუქტურას ქმნის ნავთობისა და გაზის მაგისტრალებისთვის. საქართველოს ეს მიმზიდველს ხდის არა მარტო ევროპელი, არამედ აზიელი პარტნიორებისთვისაც", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
მან იმ მასშტაბურ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება, რომლებიც საქართველოში ხორციელდება. საუბარი შეეხო რკინიგზის თემასაც, რომლის დასრულების შემდეგ კავკასიის რეგიონი უფრო მეტად იქნება იტეგრირებული ევროპის პოლიტიკურ თუ ეკონომიურ კულტურასთან. გიორგი მარგველაშვილმა ენერგოუსაფრთხოების საკითხებსა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ეს არის თემა, რომელსაც უკავშირდება ევროპის ქვეყნების კეთილდღეობა.
"საქართველო ინარჩუნებს მის ისტორიულ არჩევანს და გეზს იღებს ევროპისკენ. ჩემი ქვეყნის არჩევანია გახდეს ევროკავშირის წევრი როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკური, ისე კულტურული თვალსაზრისით. აქედან გამოდიარე, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა მხოლოდ დასაწყისია - ჩვენი საბოლოო მიზანია ინტეგრაცია და ევროკავშირის წევრობა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.