პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატების "ჩაგდების" სავარაუდო მიზეზი, არაინფორმირებულობა იყო, - ამ მიზეზზე დეპუტატი ნუკრი ქანთარია საუბრობს, რომელიც ერთ-ერთი იყო უმრავლესობის იმ წევრებს შორის, ვინც გიორგი მარგველაშვილის მხრიდან შეთავაზებული კანდიდატების მხადაჭერისგან თავი შეიკავა.
"იყო ინფორმაციის ნაკლებობა. პირადად მე მათ შესახებ ინფორმაცია არ მქონდა. კომიტეტებს, სადაც თავის დროზე წარმოდგენილ კანდიდატებზე მსჯელობა გაიმართა, არ დავსწრებივარ. განხილვა ფრაქციის სხდომაზე არ გამართულა, ამიტომაც მათი მხარდაჭერისგან თავი შევიკავე. ალბათ ანალოგიურად მოიქცნენ სხვებიც", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ნუკრი ქანთარიამ, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან შეხვედრას და საკითხზე მსჯელობას ფრაქციის ფორმატში ელის.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის ორ ვაკანტურ ადგილზე პარლამენტს კვლავ ნინო ბაქაქურისა და ზურაბ ძლიერიშვილის კანდიდატურები წარუდგინა. მარგველაშვილმა პარლამენტს აღნიშნული პირები დასამტკიცებლად ერთხელ უკვე შესთავაზა, თუმცა დეპუტატებმა მათ მხარი არ დაუჭერეს და ორივე კანდიდატურა ჩააგდეს. პლენარულ სხდომაზე კენჭისყრამდე კი, ორივე კანდიდატურას პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების მხარდაჭერა ჰქონდა მიღებული.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტებზე ნინო ბაქაქურისა და ზურაბ ძლიერიშვილის კანდიდატურები პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინა.