ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დღეს ბაჩო ახალაია უნდა დაკითხულიყო, თუმცა მან მოსამართლეს განუცხადა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა.
ბაჩო ახალაიას თქმით, მას სიცხე ჰქონდა, ამიტომ ჩვენების მიცემას დღევანდელ პროცესზე ვერ შეძლებდა. ბაჩო ახალაიმ სასამართლო პროცესი დატოვა, შესაბამისად, მისი დაკითხვა შემდეგი სხდომისთვის გადაიდო. ცნობისთვის, დღევანდელ პროცესზე ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულები ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი დაიკითხნენ. ასევე „სკაიპის“ საშუალებით შესაძლოა, სასამართლოს ჩვენება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მაშინდელმა მოდგილემ რეზო ჭარბაძემ მისცეს, რომელიც ძებნილად ითვლება. შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღის ტერიტორიაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომელსაც 3 ახალგაზრდის ლიკვიდაცია მოჰყვა. აღნიშნულ საქმეში ბრალდებულებს ლევან ქარდავასა და გიორგი მაზმიშვილს ბრალად განზრახ მკვლელობა ედებათ. ამ საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებულია დათა ახალაია, რომლის განხილვა ცალკე ეპიზოდად მოხდება და მას ასევე გაზრახ მკვლელობა ედება ბრალად. რაც შეეხება ბაჩო ახალაიას, საქმის ეპიზოდის მიხედვით, ახალაიასთვის ცნობილი გახდა თავის ძმის მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ და მათ მიერ მოფიქრებული პატიმრების მასობრივი გაქცევის ვერსიის გასამყარებლად, მეგის ქარდავასთან და სად-ის სპეცდანიშნულების რაზმთან ერთად, რუსთავის №1 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაემართა, სადაც სასურველი ჩვენებების, კერძოდ, გაქცევის აღიარების მიღების მიზნით, სპეცოპერაციისას გარდაცვლილი შოთა გორგაძის ძმა გია გორგაძე და მასთან ერთად სხვა პირები სასტიკად აწამა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბაჩო ახალაიას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება ბრალად. საქმეში კიდევ ერთი ბრალდებული მეგის ქარადავა კი მიმალვაშია.