საქართველოში სირიელი მეამბოხეების გაწვრთნის შეთავაზებაზე

საქართველოში სირიელი მეამბოხეების გაწვრთნის შეთავაზებაზე "როიტერიც" წერს

"როიტერი" უორენ შტრობელის სტატიას აქვეყნებს, სადაც აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით აღნიშნულია, რომ ქართულმა მხარემ ვაშინგტონს სირიელი მეამბოხეების გაწვრთნა შესთავაზა.

"აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ საქართველომ აშშ-ს სირიელი მეამბოხეების საწვრთნელი ცენტრის განთავსება შესთავაზა, მაგრამ უცნობია, მიიღებს თუ არა ვაშინგტონი თბილისის შეთავაზებას", - ნათქვამია სტატიაში.

ამასთან, "როიტერის" სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ-ს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში სავარაუდოდ ბევრი ქვეყანა ძირითადად პოლიტიკურ მხარდაჭერას შესთავაზებს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, სახელმწიფო დეპარტამენტს 54 ქვეყნის სია აქვს, რომლებიც აშშ-ს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში წვლილის შეტანას დაპირდნენ. ავტორის თანახმად, მათ შორის არიან ქვეყნები დაწყებული ანდორას პატარა რესპუბლიკიდან, დამთავრებული უკრაინით. ავტორი ასევე ციტირებს აშშ-ის ოფიციალური პირის კომენტარს, რომელიც აცხადებს, რომ პროცესს კოორდინაციას სპეციალური ჯგუფი გაუწევს, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში ამ მიზნით შეიქმნა.

გუშინ ამერიკულ გამოცემა Foreign Policy-ში გამოქვეყნდა სტატია, რომლის მიხედვით, საქართველომ ამერიკას სირიელი მეამბოხეების საქართველოს ტერიტორიაზე გაწვრთნა შესთავაზა. ამერიკულ გამოცემას აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ელჩი აშშ-ში, არჩილ გეგეშიძე უდასტურებდა.

"საწვრთნელი ცენტრის გახსნა ჩვენ შევთავაზეთ, თუმც ეს საკითხი კვლავ განხილვის ქვეშაა", - აცხადებს გეგეშიძე გამოცემასთან საუბარში.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გუშინვე კომენტარი გაკეთდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროშიც. უწყების ინფორმაციით, თუ რა ფორმით მიიღებს საქართველო მონაწილეობას (ISIS) ტერორიზმის წინააღმდეგ კოალიციის მიზნების მიღწევაში, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გადაწყდება.

Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა თავად არჩილ გეგეშიძე და აღნიშნული არ დაადასტურა. საქართველოს ელჩი აშშ-ში ვარაუდობს, რმ გამოცემის ჟურნალისტმა მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არასწორად გაიგო.

"თუ დადგა ეს საკითხი ისევე, როგორც სხვა საკითხები, საქართველოს ხელისუფლება ამას მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდება, განიხილავს მის დადებით და უარყოფით მხარეებს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე. ეს პასუხი არანაირად არ ნიშნავს რაიმეზე დასტურს. სამწუხაროა, რომ ჟურნალისტმა, რომელიც ახალგაზრდა კაცი ჩანს, როგორც ჩანს, უცხოურ მედიაშიც კვალიფიკაციის პრობლემა ხანდახან არსებობს, უზუსტობა დაუშვა. მან ციტატის სახით მოიყვანა ჩემი აზრი, რომელიც მე არ გამომიხატავს", - განაცხადა არჩილ გეგეშიძემ.

"როიტერში" გამოქვეყნებული სტატია დღეს "ნიუ იორკ თაიმსმა" გაავრცელა.