საქართველოს  პრეზიდენტმა თსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა თსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტისა და თსუ-ის ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "ანტიკური კულტურისა და მისი მემკვიდრეობის აქტუალური პრობლემები" გახსნა. გიორგი მარგველაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ყურადღება ანტიკური კულტურის მნიშვნელობასა და საზოგადოების განვითარებაში მის როლზე გაამახვილა.

„მინდა მოგესალმოთ მეცნიერებს, რომლებიც დღეს აცოცხლებთ, სწავლობთ და სიღრმისეულად ხსნით იმ საკითხებს, რომელთა მნიშვნელობაც არ არის დაკარგული და მოწყვეტილი რეალობიდან, არამედ პირიქით, გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ განვვითარდებით როგორც საზოგადოება, როგორც კულტურა. იმ საკითხების შესწავლა, რომლებიც უკავშირდება ანტიკურ კულტურას, დარწმუნებული ვარ, უფრო სწორ ნაბიჯებს გადაგვადგმევინებს მომავალში. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ კულტურაში არის თავისუფლების ღირებულება, თავისუფლება, როგორც ცალკე ცნება, ცალკე ღირებულება. სოციალური წყობა, რიმელიც მოიტანა ანტიკურმა ხანამ, ის არის, რის გადმოტანასაც ვცდილობთ დღეს რეალობაში, დემოკრატია სწორედ მისით არის განპირობებული. სწორედ ინდივიდის თავისუფლების გააზრებამ მოიყვანა შემდეგ საზოგადოება თანაარსებობის,  სახელმწიფოს მოწყობის ამ ფორმამდე", - განაცხადა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.

1969 წლიდან მოყოლებული, იენსა და თბილისში 9 ამგვარი კონფერენცია გაიმართა. თბილისში წელს მე-10 კონფერენცია ოცწლიანი პაუზის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით ტარდება. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში მოხსენებას ასზე მეტი მკვლევარი წაიკითხავს.

ღონისძიების გახსნის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა თსუ-ში არსებული ქართული ემიგრაციის მუზეუმი დაათვალიერა.