"თავისუფალი თაობის" წევრები ბაჩო ახალაიას პროცესზე შეიჭრნენ

ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულების სასამართლო პროცესზე ინციდენტი მოხდა. საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, რომელიც ე.წ.ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეს ეხება , "თავისუფალი თაობის" წევრები შეიჭრნენ. სასამართლო დარბაზში მათი პროცესზე შესვლის შემდეგ ხმაური ატყდა. "თავისუფალი თაობის" წარმომადგენლები ბაჩო ახალაიას მიმართავდნენ შემდეგი სიტყვებით: "შე მკვლელო". აღნიშნული ინციდენტის შედეგად, მოსამართლემ "თავისუფალი თაობის" ერთ-ერთი წევრი ლადო სადღობელაშვილი 300 ლარით დააჯარიმა. სადღობელაშვილი პროცესზე ორჯერ შევიდა და ორჯერვე მის შესვლას ხმაური მოჰყვა.

რაც შეეხება ე.წ.ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეს, პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. სასამართლო სხდომა გადაიდო იმ მოტივით, რომ დაცვის მხარის მოწმეები სასამართლოში არ მივიდნენ.

როგორც საქმის პროკურორებმა განაცხადეს, დაცვის მხარეს "სანაცნობო წრე ამოეწურა" და ამ მოტივით მოწმეები ვეღარ მოჰყავთ. დაცვის მხარის ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა კი განაცხადა, რომ მოწმეების არგამოცხადების მიზეზი პროკურატურის მხრიდან მათზე ზეწოლაა.