ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ში ქართული ფილმების ფესტივალი გახსნა

ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ში ქართული ფილმების ფესტივალი გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მეუღლესთან ერთად, ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ქართული ფილმების ფესტივალი გახსნა. 

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა ქართული კინოს ტრადიციებზე ისაუბრა. პრემიერის განცხადებით, ფესტივალი ნათელი დადასტურებაა იმის, რომ ქართული კინო მიმზიდველია მთელი მსოფლიოსთვის.

"ჩვენ ძალიან ვამაყობთ ქართული კინოს ტრადიციებით. უკვე საუკუნეა, ძლიერ და უმშვენიერეს ფილმებს ვქმნით. კინო ჩვენი კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. ქართული ფილმი ზედმიწევნით ასახავს ქართულ რეალობას. ის საქართველოს პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების პარალელურად განვითარდა. ჩვენი მიზანია ქართული კინოს წარსული დიდების აღორძინება და ახალი მიმართულებების ძიება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება დიდ ყურადღებას უთმობს ქართული კინემატოგრაფიის განვითარებას და ძალისხმევას არ დაიშურებს ქართული კინოსა და კულტურის პოპულარიზაციისთვის.

სიტყვით გამოსვლის დასასრულს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას ბოდიში მოუხადა, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიღებაზე მიემგზავრებოდა და კინოჩვენება დროზე ადრე დატოვა.

რეტროსპექტივა გაიხსნა MoMa-ში ნიკოლოზ შენგელაიას უხმო ფილმით - "ელისო". ჩვენებას პრემიერ-მინისტრთან ერთად გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მყოფი საქართველოს დელეგაცია დაესწრო. ქართული კინოს ფესტივალის ფარგლებში 50-მდე ქართული ფილმის ჩვენება მოეწყობა.