ჩვენს მიერ გამართული პრესკონფერენციის შემდეგ, თემურ ჯანაშიას პენსიის ანგარიშს ყადაღა მოეხსნა, პროკურატურამ კი მის მიმართ, მუქარის შემცველი განცხადება გაავრცელა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, თემურ ჯანაშიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
"ჩვენი პრესკონფერენციის შემდეგ, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, თითქოს ჩვენ ვიცრუეთ და თეიმურაზ ჯანაშიას საპენსიო ანგარიში არ იყო დაყადაღებული. ასევე, პროკურატურა აცხადებდა, რომ თეიმურაზ ჯანაშიას ჰქონდა გარკვეული არადეკლარირებული შემოსავლები. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით პირდაპირ დასტურდება, რომ პროკურატურამ დააყადაღა ყველა საბანკო ანგარიში, რაც თეიმურაზ ჯანაშიასთან იყო დაკავშირებული, მათ შორის საპენსიო", - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.
მისი თქმით, ყადაღის დადების შესახებ, სასამართლოს განჩინებაში პირდაპირ არის მითითებული ყველა ბანკი. "თუ პროკურატურა გულისხმობდა იმას, რომ ყადაღის დადების შესახებ ოქმის გაფორმების შემდეგ, ისინი უბრალოდ ნებართვას მისცემდნენ ჯანაშიას, წვდომა ჰქონოდა საპენსიო ანგარიშზე, ეს ჩვენთვის ცნობილი არ ყოფილა. ამასთან ერთად, თანხა, რომელზეც პროკურატურა აცხადებს, რომ ჯანაშიას არ აქვს ასახული დეკლარაციაში, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს კანონიერად და ლეგალურად აქვს მიღებული. პროკურატურას ეს თანხა შეუძლია იხილოს ჯანაშიას ყოფილი მეუღლის, ხათუნა ნუცუბიძის 2012 წლის ქონებრივ დეკლარაციაში", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
ადვოკატის თქმით, პროკურატურამ გავრცელებული განცხადებით გაახმაურა მუქარა. "თეიმურაზ ჯანაშიას მიმართ უკანონო ქმედებები იყო განხორციელებული და უნდა მომხდარიყო ამის ჩაფარცხვა, ასევე, გააჟღერა მუქარა, თითქოს იკვეთება 335-ე და 194-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ნიშნები ჯანაშიასთან მიმართებაში. ეს არის პირდაპირი მუქარა, რადგან ჯანაშიას ამ დრომდე ბრალი 182-ე მუხლით აქვს წარდგენილი და საქმეში არც ერთი დოკუმენტი არ მოიპოვება, რომ სხვა ბრალდებებით არის პროკურატურა დაინტერესებული. მუქარაა ის, რომ მხოლოდ ჩვენი განცხადების მერე ახსენდება პროკურატურას რაღაც სავარაუდო კვალიფიკაციები, რაც ისეთივე თითიდან გამოწოვილია, როგორც აქამდე წარდგენილი ბრალდება", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
თემურ ჯანაშიას და მის შვილებს, ასევე ყოფილ მეუღლეს ქონება დაუყადაღეს. ჯანაშია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად, გაფლანგვაშია ბრალდებული.