ზვიად ჯანყარაშვილის კანდიდატურა პარტიის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე განიხილება

ზვიად ჯანყარაშვილის კანდიდატურა პარტიის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე განიხილება

პარლამენტის ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე ადასტურებს, რომ ზვიად ჯანყარაშვილის კანდიდატურა პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე განიხილება.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას პარტიის პოლიტსაბჭო მიიღებს, რომელსაც "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ჯანყარაშვილის კანდიდატურას ოფიციალურად წარუდგენს.

"ბატონი ზვიად ჯანყარაშვილი გახლავთ პარტიაA"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" წევრი. ის ძალიან აქტიურად იყო ჩართული საარჩევნო პროცესში, შესაბამისად, აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე მისი შესაძლო ყოფნა ნამდვილად არ არის გასაკვირი. გადაწყვეტილებას მიიღებს პარტიის პოლიტსაბჭო მას შემდეგ, რაც ჩვენი თავმჯდომარე ოფიციალურად წარუდგენს მას ჯანყარაშვილის კანდიდატურას", - აღნიშნა მანანა კობახიძემ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს სხდომა ჯერ დანიშნული არ არის და სამშობლოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებას ელოდებიან.