საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარის დავით სიხარულიძის განცხადებით, კონკრეტული დეტალების გარკვევამდე რთულია გაანალიზება, რა რისკების შემცველი შეიძლება იყოს სირიელი მეამბოხეების საქართველოს ტერიტორიაზე გაწვრთნა.
ამის შესახებ სიხარულიძემ "ინტერპრესნიუსს" Foreign Policy-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა.
"როგოც ამ სტატიიდან ჩანს, ეს ჯერ არის მხოლოდ შეთავაზება, რომელიც ქართულმა მხარემ გააკეთა. იცით, რომ საქართველო და შეერთებული შტატები სტრატეგიული პარტნიორები არიან, ჩვენ ჩართული ვართ საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებში და ასევე, გაკეთდა განცხადება, რომ ვუერთდებით კოალიციას, რომელიც ე.წ. ISIS-ის ტერორისტულ დაჯგუფებას დაუპირისპირდება. ამ კონტექსტში, რა თქმა, არის სხვადასხვა ნაბიჯები, რომელიც თეორიულად შეიძლება განხილულ იქნას, როგორც ჩვენი მონაწილეობა და ერთ-ერთი არის სწორედ ის, რაზეც სტატიაშია საუბარი. ჯერჯერობით უმჯობესი იქნება, დაველოდოთ მოდალობების გარკვევას, ანუ იმ კონკრეტული კომპონენტების გარკვევას, რა პირობებზე შეიძლება, რომ ასეთი რამ იქნას განხილული, შეერთებული შტატები რამდენად მიზანშეწონილად ჩათვლის ამ წინადადებას, იმ კონტექსტში, როდესაც ის დიდ გეგმას აკეთებს და საუბარია საუდის არაბეთში მომზადების ცენტრის გაკეთებაზე. ყველა კომპონენტი გასათვალისწინებელი და ასაწონ-დასაწონია. როგორც წესი, ასეთი გადაწყვეტილებები ძალიან დეტალურ განხილვას საჭიროებს", - განაცხადა სიხარულიძემ და დასძინა, რომ ტერორიზმი ემუქრება საქართველოსაც, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებს და ანტიტერორისტულ კოალიციაში მონაწილეობა სწორედ მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნითაა განპირობებული.
რაც შეეხება იმას, დააყენებს თუ არა ზემოაღნიშნული ინიციატივა საქართველის ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დარტყმის სამიზნედ ქცევის საფრთხის ქვეშ, სიხარულიძე აცხადებს, რომ კონკრეტულ საფრთხებეზე და მოდალობებზე დეტალური საუბარი უჭირს.
"ბევრი სხვადასხვა საკითხი იქნება მოსაგვარებელი. აქ ძალიან მნიშვნელოვანია დეტალები. ეს დეტალები გადამწყვეტია იმაში, თუ როგორ იქნება საქართველოს უსაფრთხოება უზრუნველყოფილი ამ ინიციატივის მიღების შემთხვევაში. მხოლოდ გამოქვეყნებულ მასალაზე დაყრდნობით საფრთხების გაანალიზება რთულია. ფაქტი ერთია, ჩვენი ქვეყანა ცდილობს შეიტანოს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში და ასევე, ითანმშრომლოს შეერთებულ შტატებთან. ეს იქნება ამ თუ განსხვავებული ფორმით, მომავალი გვიჩნევებს", - განაცხადა დავით სიხარულიძემ.
Foreign Policy-ს ინფორმაციით, საქართველომ აშშ-ს სირიელი ამბოხებულების საქართველოს ტერიტორიაზე გაწვრთნა შესთავაზა. გამოცემა ამ ინფორმაციას აშშ-ს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს და მას საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძეც ადასტურებს.
"[საწვრთნელი ცენტრის გახსნა] ჩვენ შევთავაზეთ, თუმცა ეს საკითხი კვლავ განხილვის ქვეშაა", - ციტირებს გამოცემა აშშ-ში საქართველოს ელჩის არჩილ გეგეშიძის კომენტარს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, გაურკვეველი რჩება საქართველოში გასამართი საწვრთნელი პროგრამის პოტენციური მასშტაბი, თუმცა, ამერიკულ გამოცემას არჩილ გეგეშიძემ განუცხადა, რომ შესაძლოა ამ პროგრამის ფარგლებში საქართველომ უმასპინძლოს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მებრძოლებს სხვადასხვა ქვეყნებიდან და არა - მხოლოდ სირიიდან. "ეს იქნება კონტრტერორისტული საწვრთნელი ცენტრი ნებისმიერი ეროვნებისთვის", - აცხადებს გეგეშიძე.