ირაკლი ღარიბაშვილმა და ანდრის ბერჟინსმა საქართველო–ლატვიის ახლო პარტნიორული ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ლატვიის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ევროინტეგრაციის პროცესებში საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის გამო. მანვე მადლიერებით აღნიშნა, რომ ლატვია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა ანდრის ბერჟინს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ითვალისწინებს.
მხარეებმა უკრაინის კრიზისზე ისაუბრეს და რეგიონში უსაფრთხოების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
შეხვედრას საქართველოს საგარეო მინისტრი მაია ფანჯიკიძე დაესწრო.