"ნატო უფრო ეფექტური გახდებოდა, თუ ყველა მოკავშირე საქართველოს დონის კონტრიბუტორი იქნებოდა"

ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი Foreign Policy-ს ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"უბრალოდ, წარმოიდგინეთ, რამდენად ეფექტური იქნებოდა ნატო, თუ ალიანსის ყველა მოკავშირე ისეთივე კონტრიბუტორი იქნებოდა როგორც საქართველო",- წერს ვილსონი "ტვიტერში".

Foreign Policy-ს ინფორმაციით, თბილისი აშშ-ის სირიელი მეამბოხეებისთვის საწვრთნელი ცენტრის განთავსებას სთავაზობს. გამოცემა ინფორმაციას აშშ-ის ადმინისტრაციის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი ინფორმაციით, "ისლამური სახელმწიფოს" სახელით ცნობილი დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში წვლილის შეტანის მიზნით, საქართველომ აშშ-ის თავის ტერიტორიაზე საწვრთნელი ბაზის განთავსება შესთავაზა, სადაც სირიელი მეამბოხეები საბრძოლო მომზადებას გაივლიან. აშშ-ში საქართველოს ელჩმა არჩილ გეგეშიძემ Foreign Policy-ს დაუდასტურა, რომ ანტიტერორისტული საწვრთნელი ცენტრის შესახებ შეთავაზება არა მარტო სირიიდან, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებიდანაც, მართლაც გაკეთდა.

როგორც გეგეშიძე განმარტავს, "ეს ჯერ კიდევ განხილვის საგანია". Foreign Policy-ის ინფორმაციით, პენტაგონი ჯერ არ აკონკრეტებს, დათანხმდა თუ არა ამერიკული მხარე საქართველოს შეთავაზებას და არც იმაზე აკეთებს კომენტარს, რა დრო დაჭირდება ამ წინადადებაზე გადაწყვეტილების მისაღებად.