პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩ ფილიპ დიმიტროვთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
როგორც შეხვედრის შემდეგ უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, საქართველოში დიმიტროვის ელჩობის ოთხი წელი ძალიან დინამიური და პროდუქტიული იყო.
"დღეს მქონდა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელთან, რომელმაც საქართველოში ბოლო ოთხი წელიწადი გაატარა. რა ოთხი წელიწადი იყო ეს საქართველოსთვის, ყველამ კარგად იცით. მე მახსოვს, ის ჩამობრძანდა ჩვენთან 2010 წელს და გვქონდა საუბრები ქვეყნის მომავალზე. ძალიან ბევრი რამ მას დაუჯერებლად, წარმოუდგენლად ეჩვენებოდა, თუმცა იყო საკითხები, რომლებიც მეც დაუჯერებლად მეჩვენებოდა მაშინ, როცა ვსაუბრობდით, მათ შორის საქართველოს საერთაშორისო ინტეგრაციის ტემპებსა და საკითხებზე. დღეს ჩვენ გარკვეულწილად შევაჯამეთ ეს ოთხი წელი, რომელიც იყო ძალიან დინამიური და პროდუქტიული. ბატონ დიმიტროვის საქართველოში ელჩობას დაემთხვა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება, რითაც ძალიან სერიოზული ეტაპი დასრულდა ინტეგრაციის მიმართულებით და საფუძველი ჩაეყარა ახალ ეტაპს. მე მას მადლობა მოვახსენე გაწეული მუშაობისთვის", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, გასული ოთხი წლის განმავლობაში საქართველო და ევროკავშირი ისე დაახლოვდნენ, რომ ამ სიახლოვეს ვერავინ და ვერაფერი შეცვლის.
"აღვნიშნეთ ისიც, რომ ხშირად ჩვენი აზრები არ ემთხვეოდა ერთმანეთს, მაგრამ მე ეჭვი არ შემპარვია იმაში, რომ ის კეთილსინდისიერად და მაღალკვალიფიცურად ასრულებდა თავის მოვალეობას. დარწმუნებული ვარ, არც მას ეპარებოდა ეჭვი, რომ მე ჩემი ხალხის კეთილდღეობა მალაპარაკებდა, როცა ვკამათობდით. ძალიან საინტერესო და პროდუქტიული ურთიერთობა გვქონდა ამ წლების განმავლობაში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველო და ევროკავშირი გასული ოთხი წლის განმავლობაში ისე დაახლოვდნენ, რომ ამ სიახლოვეს ვერავინ და ვერაფერი შეცვლის. ამაში ბატონი დიმიტროვის წვლილი დიდი იყო", - აღნიშნა უსუფაშვილმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ ევროკავშირს საქართველოში არანაკლებ კვალიფიციური ახალი დიპლომატი ეყოლება.