პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ "საგადასახო კოდექსში" შესატან ცვლილებათა პაკეტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს. ცვლილებები საგადასახდო ორგანოებს ფიზიკური თუ იურიდიული პირების საბანკო კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების უფლებას ანიჭებს.
საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დააფიქსირა.
"საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქმე ეხება ფიზიკური თუ იურდიული პირების საბანკო ანგარიშების ნახვის შესაძლებლობას საგადასახადო ორგანოს მიერ. ზოგადად, ასეთი აუცილებლობა წარმოიშობა ხოლმე, მათ შორის იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელიც ჩვენ რამდენიმე ათეულ სახელმწიფოსთან გვაქვს დადებული – როცა ჩვენ გვინდა წვდომა რიგ შემთხვევაში უცხოეთის ბანკებში არსებულ ინფორმაციაზე და პირიქით - მათ აქვთ ასეთი მოთხოვნის საფუძველი მაგრამ მეორე საკითხია საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა - წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, საგადასახადო ადმინისტრირების მიზნით საგადასახდო ორგანოს უფლება აქვს დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს და შემდეგ მოსამართლე დასაბუთებლად დააკმაყოფილებს შუამდგომლობას ან უარს იტყვის მის დაკმაყოფილებაზე, რომელიც ეხება ფიზიკური თუ იურიდიული პირების საბანკო ანგარიშების ნახვას. კანონპროექტში განსაზღვრული არ არის ის დონე, რა შემთხვევაში შეიძლება ეს მოხდეს. საგადასახადო ადმინისტრირება თავისთავად ესაა ძალიან ფართო სპექტრი და ასეთნაირად ამის დატოვება, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ იქნებოდა გადამეტებული შეჭრა ადამიანის თუ იურიდიული პირის დაცულ პირად ინფორმაციაში. ჩვენ შევთავაზეთ ფორმულირება, რომ ასეთი მოთხოვნა შესაძლებელი იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საფუძველი ამ მოთხოვნისა იქნება საგადასახადო შემოწმებისას გამოვლენილი, დასაბუთებული ვარაუდი, რომ საქმე გვაქვს გადასახადის გადახდისგან თავის არიდებასთან", - აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ.
მისივე განმარტებით, მეორე შენიშვნა შეეხება საპროცესო ვადებს. "დასაზუსტებელია რამდენ ხანში უნდა მოხდეს მოსამართლისთვის მიმართვა, როგორ უნდა შეატყობინონ იმ პირს, ვისი ანგარიშების შემოწმებაზეცაა საუბარი. კანონპროექტში განსაზღვრული იყო 5 დღიანი ვადა, მაგრამ ავტორებთან შეთანხმებით ეს ვადა გაიზრდება 14 დღემდე, როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსშია და მხოლოდ ამის მერე ექნება მოსამართლეს უფლება, რომ პირის თანამონაწილეობის გარეშე განიხილოს ეს საკითხი", - აღნიშნა იურიდული კომიტეტის თავმჯდომარემ.
შენიშვნების მიუხედავად და იმ პირობით, რომ მას კანონპროექტის ავტორები გაითვალისწინებენ, წარმოდგენილ პროექტს იურიდულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.